უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია - მიხეილ სააკაშვილი

  18:13:35     08-05-2020

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია.

„შეიძლება ერთი არამოკრძალებული კითხვა? ელჩი, რომელიც „გაიწვიეს“, როგორ ჩავა?

ახლა კი სერიოზულად:

პრეზიდენტი ზელენსკი ემხრობა იმას, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობები განავითაროს მიუხედავად იმისა, ვინ იქნება იქ ხელისუფლებაში და ამაში მე მას სრულად ვუჭერ მხარს. ეს არის ბრძნული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს.

მე ვფიქრობ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.