ავიაკომპანიების მგზავრებისთვის ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება
14:21:52     01-05-2020
აშშ-ს სამმა უმსხვილეს ავიაკომპანიამ - American Airlines, Delta Air Lines და United Airlines- მა განაცხადეს, რომ მათ მგზავრებს ნიღბების ტარება მოუწევთ.
Delta Air Lines-ისა და United Airlines-ის პოლიტიკა ძალაში შევა ორშაბათს, ხოლო American Airlines-ის პოლიტიკა ამოქმედდება ერთი კვირის შემდეგ, 11 მაისს.
ამ ავიაკომპანიებს უერთდებიან JetBlue, Frontier და Lufthansa, რომლებმაც გააკეთეს მსგავსი განცხადებები.
4 მაისიდან, Lufthansa Group-ში შემავალი ყველა ავიაკომპანიის მგზავრი ვალდებულია ნიღაბი ატაროს. ავიაკომპანიებმა Lufthansa-მ, Austrian Airlines-მა, Swiss-მა, Brussels Airlines-მა და Eurowings-მა ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით საკუთარი მგზავრების გაფრთხილება უკვე დაიწყეს. წინასწარი გათვლებით ახალი მოთხოვნები ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.
Lufthansa Group-ის მგზავრები ვალდებულნი არიან ნიღბებით უზრუნველყოფა თავად მოახდინონ. ავიაკომპანიის მითითებით ნიღაბი შესაძლოა იყოს როგორც ერთჯერადი ისე მრავალჯერადი.
ავიაკომპანია მგზავრებს ურჩევს ასევე, რომ ნიღბებით გადაადგილდნენ აეროპორტებსა და ტერმინალებში და მგზავრობის ყველა ეტაპზე დაიცვან სოციალური დისტანცია.
თავად ავიაკომპანიის პერსონალიც ნიღბებით იქნება აღჭურვილი და ისე მოახდენენ კომუნიკაცია მგზავრებთან.
ახალი პოლიტიკის თანახმად, Lufthansa Group-ი უარს აცხადებს “შუა სავარძლის დაბლოკვაზე” და განმარტავს, რომ “სათანადო დაცვას ნიღბებიც უზრუნველყოფენ”.