ჯორჯია ო კიფი – მოდერნისტი ფერმწერი
11:58:53     04-08-2011
მოდერნისტი ფერმწერი ჯორჯია ო კიფი 1887 წელს დაიბადა, ქალაქ ვისკონსინში, მერძევე ფერმერთა ოჯახში. ის ო კიფთა შვიდი შვილიდან მეორე იყო. აქვე შევიდა სკოლაში, სადაც აკვარელით ხატვის გაკვეთილებს მხატვარი სარა მანი უტარებდა. 1902 წლიდან, ის ვილიამსბურგის სკოლაში გადავიდა. ადრეული ასაკიდან მიზნად დაისახა მხატვარი გამოსულიყო და 1904-1905 წლებში ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, ხოლო 1907-1908 წლებში კი, ნიუ-იორკის სამხატვრო სტუდენტთა ლიგაში სწავლობდა. შემდეგ ის ხელოვნებას ასწავლის ტეხასისა და სამხრეთის შტატების სხვადასხვა სკოლებში.
ო კიფის ადრეული სურათები, ძირითადად, იმიტაციები იყო, თუმცა 20-იანი წლების დასაწყისში, მას უკვე ხატვის დახვეწილი ინდივიდუალისტური სტილი აქვს. ხშირად მისი ხატვის ობიექტები ცხოველთა ქალისა და ძვლების, ყვავილების, მცენარეთა ორგანოების, ნიჟარების, ქვებისა და სხვა ნატურალური ფორმების გამოსახულება იყო, გაზრდილ მასშტაბებში.
მოგვიანებით, მხატვარი უახლოვდება ადრეულ ამერიკელ მოდერნისტებს, ჩარლზ დემუთს, ართურ დოუს, მარსდენ ჰართლის, ჯონ მერინს, პოლ სტრანდსა და ედვარდ შტაიხენს. მათი დისკუსიები შტიგლიცის გალერეაში შემდგომში გავლენას ჰპოულობს ო კიფის ნამუშევრებშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სტრანდის ფოტოგრაფიები, რომლებშიც ყოველდღიური ობიექტებიდან აბსტრაქცირებული პეიზაჟები, გეოგრაფიული ფორმები და ხაზები იყო ასახული. ნიუ-იორკში ჩამოსვლის შემდეგ ო კიფი ნახშირისა და აქვარელების ნაცვლად, ზეთის საღებავებზე გადადის და შუა 20-იან წლებში მასიურ ტილოებზე გადიდებული ობიექტების ხატვას იწყებს.
1962 წელს მხატვარი არჩეულ იქნა ამერიკის ხელოვნებისა და მწერლობის აკადემიის წევრად. 60-იანი წლების ბოლოსკენ, მისი მხედველობა მკვეთრად უარესდება და 1972 წელს ის უკვე თითქმის ვეღარ ხედავს. 1973 წელს ის ხუან ჰამილტონს ხვდება, რომელიც მას საშინაო საქმეებში ეხმარება. ჰამილტონი შემდგომში მისი ახლო კომპანიონი ხდება. ო კიფი, დაუხმარებლად, ზეთოვანი საღებავებით მუშაობას 1972 წლამდე, აქვარელებით და ნახშირით 1978, ხოლო გრაფიტით მუშაობას 1984 წლამდე ახერხებს. მხატვარი გარდაიცვალა სენტ-ვინსენტის საავადმყოფოში, 1986 წლის 6 მარტს. ანდერძის თანახმად, კრემაციის შემდეგ, მისი ფერფლი სულთა რანჩოზე მიმოაბნიეს.