
მწვავე პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სახელმწიფომ, 587,456 ლარად 4 რუსული "კამაზი" იყიდა
19:52:56     30-04-2020
სად და რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული მწვავე პანდემიისა და ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში მაშინ, როდესაც ხელისუფლება სტუდენტებს, დევნილებს, ვეტერანებსა და გლეხებს ერთი თეთრითაც არ ეხმარება?
პრესა.ჯიმ, დღეს, 2020 წლის 30 აპრილს, სულ რამდენიმე საათის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი მოიპოვა, საიდანაც ირკვევა რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, შპს "ბიზნეს ჯგუფ 2010-ს", 4 რუსულ “კამაზში” 587,456 ლარი უნდა გადაუხადოს.
ხელშეკრულებას ხელს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, დავით ალადაშვილი და შპს “ბიზნეს ჯგუფი 2010”-ის გენერალური დირექტორი, სიმონ მეფარიძე აწერენ.
დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს 4 ერთეული სატვირთო ავტომანქანის, "კამაზ 43118"-ის შესყიდვა.
ერთი ერთეული "კამაზის" ფასია 146,864, ხოლო 4-ის - 587,456 ლარი.
დღევანდელი ხელშეკრულების თანახმად, შპს "ბიზნეს ჯგუფი 2010"-მა ვალდებულება აიღო რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, 4 რუსული "კამაზი" მომდევნო 120 დღის განმავლობაში მიაწოდოს.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “ბიზნეს ჯგუფი 2010”-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი მისივე დირექტორი, სიმონ მეფარიძეა.
რამდენად გამართლებულია მსგავსი ხარჯის გაწევა სოციალური აფეთქების ზღვარზე მყოფ ქვეყანაში და 587,456 ლარის გადახდა ოკუპანტი ქვეყნის 4 "კამაზში", ამის შესახებ განმარტება არ გაკეთებულა.
თუმცა, ცნობილია რომ რუსულ კომპანიებში აპრობირებული მეთოდია ე.წ. "ატკატები". ეს კი იმას ნიშნავს რომ თუ მაგალითად, რუსულ კომპანიას 587,456 ლარს გადაურიცხავ ამა თუ იმ პროდუქციის შესაძენად, მთლიანი თანხის 10 პროცენტს უკან დაგიბრუნებს, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად.