ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, გორის იზოლატორშია მოთავსებული

  13:01:56     28-04-2020

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა დავით კობაიძეს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

როგორც დაცვის მხარე განმარტავს, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს თავად სასულიერო პირს. ის დავით კობაიძეს გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულმა დავით კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.