"ჩინეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და სერიოზული პრობლემები შეექმნა მსოფლიოს... ისინი ამის საფასურს გადაიხდიან"

  10:36:40     24-04-2020

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ტელეარხ Fox News-ის ეთერში განაცხადა.

"ჩინეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. ახლა კი სერიოზული პრობლემები შეიქმნა მსოფლიოსა და ამერიკის ეკონომიკისთვის. ჩინური მხარე მიზანმიმართულად არ ამჟღავნებდა ინფორმაციას ვირუსის ადრეულ ეტაპზე გავრცელების შესახებ. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ჩვენს ურთიერთობებში ჯერ კიდევ არ არის გამჭვირვალობა. ვეჭვობთ, რომ ბევრი ისეთი რამეა, რაც არ ვიცით“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ გააკეთეს ის, რაც ევალებოდათ“.

"ჩინეთის კომუნისტური პარტია საფასურს გადაიხდის იმისთვის, რაც გააკეთა. არ ვიცი, რა ფორმით მოხდება ეს. ამჟამად ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და რისკების შემცირებაზე ვართ კონცენტრირებულნი“, - დასძინა მან.