CNN: ახალმა კორონავირუსმა ახალგაზრდა პაციენტებში, შესაძლოა, ინსულტი გამოიწვიოს
05:27:16     23-04-2020
ამერიკელი ექიმების მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა 30-დან 40 წლამდე პაციენტებში, შესაძლოა, მოულოდნელი ინსულტი გამოიწვიოს.
ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, კოვიდ-19 სისხლის შედედებას აპროვოცირებს, რაც შედეგად ინსულტს იწვევს.
დოქტორი თომას ოქსლი, რომელიც ნიუ-იორკის Mount Sinai-ის ნეიროქირურგია, 50 წლამდე ხუთ პაციენტს აკვირდებოდა, რომელთაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები ჰქონდათ. "სი-ენ-ენთან" კომენტარში ექიმმა განაცხადა, რომ ვირუსი, როგორც ჩანს, მსხვილ არტერიებში თრომბოზის მომატებას იწვევს, რასაც პაციენტი მძიმე ინსულტამდე მიჰყავს. ექიმისვე თქმით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალგაზრდა პაციენტებში, რომლებიც წარსულში საერთოდ არ ავადმყოფობდნენ და ვირუსის მსუბუქი ნიშნები ჰქონდათ, ინსულტის რაოდენობა 7-ჯერ გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდ-19-ით დაინფიცირების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობით კვლავ პირველ ადგილზეა.