ექიმმა სასიკვდილოდ განწირული კოვიდინფიცირებული პაციენტი ძალიან უცნაური მეთოდით გადაარჩინა
00:24:06     21-04-2020
სტეისი ფრესკო ლონდონის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოხვდა და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. ექიმებმა მის ქმარს ადამს უთხრეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა პაციენტი დაეკარგათ, ყველაზე კარგ ვარიანტში კი სულ რამდენიმე საათს იცოცხლებდა - წერს Sky News.
ადამმა ქალიშვილებს მოსალოდნელი დანაკარგის შესახებ უამბო და მიხვდა, რომ არც ის და არც მისი შვილები არ იყვნენ მზად ასეთი ტრაგედიისთვის. ის ცოლის მკურნალ ექიმს დაუკავშირდა და სთხოვა, ყველა შესაძლო ან შეუძლებელი ვარიანტი გამოეყენებინა და გადაერჩინა მისი ცოლი.
გარკვეული დაფიქრების შემდეგ, ექიმმა მამაკაცს შესთავაზა მეთოდი, რომელიც ამავე დროს კიდევ უფრო სარისკო იყო - მან უთხრა ადამს, რომ სტეისის მუცელზე დააწვენდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რათა ფილტვები სითხისგან გამოთავისუფლებულიყო, თუმცა გულზე დიდი დატვირთვა ექნებოდა და შესაძლებელი იყო, ამას ქალის სიკვდილი დაეჩქარებინა. ადამი დათანხმდა ექიმს და კოვიდინფიცირებული პაციენტი 12-15 საათის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუცელზე უგონო მდგომარეობაში იწვა.
"ვიცოდი, რომ დასაკარგი აღარაფერი იყო და იძულებული გავხდი, თანხმობა მიმეცა, რადგან თავადვე ვთხოვე ყველაზე შეუძლებელი მეთოდის გამოყენება" - განაცხადა ადამმა.
რისკიანმა ცდამ გაამართლა და ფილტვებმა მუშაობა დაიწყო, რაც პაციენტს ძალების აღდგენაში დაეხმარა. დღეს მან უკვე დაამარცხა ინფექცია, მისი ოჯახი კი იმ გმირ ექიმს არასდროს დაივიწყებს, რომელმაც გარისკა და გოგონებს დედა სახლში დაუბრუნა.