
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 3 დღეში, საქართველოს ფოსტამ 106,157 ლარის მწვადი, ტარტი, ორაგულის გამომცხვარი ფილე, ღვიძლის პაშტეტი, შტრუდელი და სხვა ძვირადღირებული კერძები შეიძინა - ხალხის ფულით (დუკუმენტი)
16:30:44     13-04-2020
[I=2]სამეფო კრევეტი სოკოს ქუდებზე, ჟულიენის ტარტი, საქონლის ხორცი წითელი ღვინის სოუსით, ბადრიჯნის როლი კორეულად, ლორის და ძეხვეულის ასორტი, შებოლილი ორაგული, შამპანური, გამომცხვარი თევზის ფილე, ხორცის რულეტი - ეს იმ ძვირადღირებული და ელიტური კერძების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ფოსტამ, პანდემიის დროს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 3 დღეში, 2020 წლის 24 მარტს შეისყიდა - 106,157 ლარად.
[I=3]კერძოდ: პრესა.ჯიმ მოიპოვა 2020 წლის 24 მარტს, საქართველოს ფოსტასა და შპს ბი ელ გრუპს შორის გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულების ასლი.
საქართველოს ფოსტასა და შპს ბი ელ გრუპს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს კვებითი მომსახურება, რომელიც თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ძირითადად, ძვირადღირებული, განსაკუთრებული და ელიტური კერძებისაგან შედგება. ისეთი კერძებისგან, რომელზეც საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, ამ ეკონომიკური კოლაფსის დროს, ალბათ, მხოლოდ იოცნებებს.
[I=5]პირდაპირ რომ ვთქვათ: მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ქართველი ემიგრანტები მიატოვა, ხოლო უმუშევრად დარჩენილებისათვის სოციალური ვაუჩერიც კი ვერ გაიმეტა, საქართველოს ფოსტამ, მისი ფინანსური დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ჯაფარიძის სახით, ხელშეკრულება გააფორმა სარესტორნო მომსახურეობასა და ძვირადღირებული კერძების შესყიდვაზე. ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 24 მარტიდან 2021 წლის 28 თებერვლამდე.
ანუ, თუ საქართველოს ფოსტის უფროსობა ტარტს, ორაგულსა და მწვადს არ მიირთმევს ხალხის ფულით, როგორც ჩანს, ისე ვერ მუშაობს.
კანაპე ხიზილალით, ტოსტ სენდვიჩი ბეკონით და სალიამით, ქათმის, ხბოს, ღორის მწვადი, კარტოფილის ჩიფსი ორაგულით, ტკბილეულის ლარნაკი, ფახლავა ნიგვზით, შამპანური - ასე გრძელდება ის ჩამონათვალი, რომელშიც საქართველოს ფოსტა, 106,157 ლარს ხარჯავს.
ხელშეკრულების მიხედვით, შპს ბი ელ გრუპი ვალდებულია საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებს ძვირადღირებული და ელიტური კერძები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიართვას.
მათ შორის:
[I=4]აჩმა, ხორცის ბლინი, შტრუდელი, ღვიძლის პაშტეტი, ხორცის ბურთულა, ფინიკი ბეკონით, ბოსტნეულის მარინადი პარმეზანით, ყველის ჩხირები, მინი ქაბაბი, კარტოფილისა და ყველის კროკეტი, კანაპე ტუნათი და ა.შ...
წარმოიდგინეთ, მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ქართული ეკონომიკა ჩამოშლის პირასაა, ხოლო 100 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა, სახელმწიფო კომპანია, რომლის შემოსავალი ხალხის კუთვნილებაა, ასე ცინიკურად ფლანგავს ფულს - საკუთარი სტომაქების ამოსავსებად.