ჯეიმს დინი და „სამოთხიდან აღმოსავლეთით“

  10:32:17     01-08-2011

„სამოთხიდან აღმოსავლეთით“ 1955 წელს გადაღებული საკულტო ამერიკული ფილმია, ნამუშევარი, რომელმაც პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა დღეს უკვე ლეგენდად ქცეულ ჯეიმს დინს.

„ეს ამერიკელი სოფლელი ბიჭი, დაჭრილი ცხოველის თვალებით, მოგვაგონებს პანტერას, რომელიც მოხვდა ხაფანგში’’ - წერდა რეცენზიაში „დეილი სკეჩი“ კოლ ტრასკზე, ჯეიმს დინის გმირზე, ფილმიდან „სამოთხიდან აღმოსავლეთით“. ეს იყო ჯონ სტეინბეკის რომანის ეკრანიზაცია, რომელიც თანამედროვედ მოგვითხრობდა ბიბლიურ თხზულებას კაენის და აბელის შესახებ, ისტორია ორ ძმაზე, რომელშიც ერთი სანიმუშო, თითით საჩვენებელი, შვილია და მეორე პირიქით - უარყოფითი, რომელიც ვერაფრით იმსახურებდა მამის სიყვარულს. რა თქმა უნდა, დინს მიენიჭა კაენის (კოლის) როლი.

„მე შევარჩიე ჯიმი, რათა მას ეთამაშა კოლის როლი - წერდა ელია კაზანი, ფილმის რეჟისორი - უფრო შესაფერისი მსახიობის ძებნას აზრი არ ჰქონდა. ის გამოხატავდა უარყოფით დამოკიდებულებას მამის მიმართ, იყო შურისმაძიებელი, თავს გრძნობდა მარტოსულად და დათრგუნულად.“

ფილმი იწყება სიუჟეტით - კოლი (ჯეიმს დინი) უკან მისდევს ქალბატონს, რომელიც მისი დედაა და რომელსაც ის უბრალო დამნაშავე ჰგონია. ბიჭი დიდხანს ცდილობს დაელაპარაკოს მას და სიმართლე უთხრას. პარალელურად, პრობლემები აქვს მამასთან და ძმასთან. კოლი წარმოგვიდგება მოზარდად, რომელშიც ბუდობს დიდი სიყვარული და განრისხება და რომელსაც ვერავინ უგებს, გარდა ევასი (ჯული ჰარისი). ის გვერდში უდგას და ყოველმხრივ ეხმარება ახალგაზრდა, ლამაზ და პრობლემურ ბიჭუნას.

„სამოთხიდან აღმოსავლეთით“ არის ნამუშევარი, რომელმაც სათავე დაუდო ახალ ეპოქას - დინომანიას. ამ შედევრით ჯიმიმ ნამდვილი ფურორი მოახდინა ჰოლივუდში. მისმა გამოხედვამ, საქციელმა, საშემსრულებლო ოსტატობამ, გარეგნობამ, იდეოლოგიამ აღაფრთოვანა ამერიკელი მაყურებელი და დაბადა ახალი სუპერვარსკვლავი, რომლის სახელია ჯეიმს ბაირონ დინი.