სამხედროებმა ჰონდურასში ნარკოდილერები დააკავეს
10:21:25     01-08-2011
სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა, ჰონდურასის სანაპიროსთან, წყალქვეშა ნავი დააკავეს, რომლის ბორტზეც კოკაინი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, არალეგალური ტვირთი, დამნაშავეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაჰქონდათ.
ეჭვმიტანილი ნავი, ჰონდურასის სანაპიროდან 26 კილომეტრში იქნა შემჩნეული. სამხედროებმა დევნა მოაწყვეს და დამღვევს მალე დაეწივნენ. ნავში ხუთი ნარკოდილერი იმყოფებოდა. ქვეყნის სამხედრო უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, ამოღებული კოკაინის რაოდენობა დაახლოებით ხუთი ტონაა. ჰონდურასის და მისი მიმდებარე ქვეყნების საზღვაო აკვატორიაში, ნარკოტიკების გადამზიდავებს, მათი დიდი რაოდენობის გამო, სამხედრო ფლოტი ებრძვის. ნარკოსაწარმოები, წყალქვეშა ნავებს აქტიურად იყენებენ მსგავსი ტვირთის სამხრეთ ამერიკიდან მექსიკაში გადასატანად.