როგორ იქმნებოდა წყალბადის ბომბი?

  10:14:57     01-08-2011

წყალბადის ბომბი თავისი ენერგიის უმეტეს ნაწილს  წყალბადის იზოტოპის ბირთვების შეერთებით წარმოქმნის. ატომური ბომბისაგან განსხვავებით, რომელიც ენერგიას ურანის ან პლუტონიუმის ბირთვის გახლეჩის, მძიმე ელემენტისგან მსუბუქი ელემენტების მიღების შედეგად წარმოქმნის, წყალბადის ბომბი პირიქით, საჭიროებს მსუბუქი ელემენტების მძიმე ელემენტად ქცევას მათი შეერთებით. ვინაიდან შეერთების რეაქციის განსახორციელებლად, საჭიროა ძალზედ მაღალი ტემპერატურა, წყალბადის ბომბს ხშირად მოიხსენიებენ როგორც თერმობირთვულ ბომბს ან სინთეზურ ბომბს.

პირველი თერმობირთვული ბომბი 1952 წელს, აშშ-ს მიერ შეიქმნა. მისი ტესტირება ცენტრალური წყნარი ოკეანის მარჯნის კუნძულზე, ენივატოკზე მოხდა. თავდაპირველად, ენივატოკი იაპონიას ეკუთვნოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი აშშ-მ დაისაკუთრა და ბირთვული იარაღების სასინჯად იყენებდა. კუნძული 1980 წელს უსაფრთხოდ გამოცხადდა და იქ კვლავ იაპონელი ხალხი დასახლდა.

მეორე თერმობირთვული ბომბი 1 წლის შემდეგ, 1953 წელს რუსეთშიც, მაშინდელ საბჭოთა კავშირში შეიქმნა. სახაროვი და ტემი ბომბის ტესტირებაზე, მის მონტაჟზე მუშაობდნენ, სანამ ზელდოვიჩის ჯგუფი თეორიულად ხვეწავდა მას. იარაღი ცენტრალური ვოლგის რეგიონში, ქალაქ საროვში მონტაჟდებოდა, სადაც ადრე ერთ-ერთი ცნობილი მართლმადიდებლური მონასტერი იდგა. 1953 წლის 12 აგვისტოს საბჭოეთის H-ბომბის ტესტირება წარმატებით დასრულდა. ბომბის მასშტაბურობამ და დამანგრეველმა ძალამ მისივე შემქმნელი სახაროვიც კი გააცვიფრა. იგი წერს:

„მე არ შემიძლია თვალი დავხუჭო იმაზე, თუ რაოდენ შემაძრწუნებელი და არაჰუმანურია ჩვენი ნაშრომი. თუმცა ომი, რომელიც ახლახანს დამთავრდა ასეთივე სასტიკი იყო. მე არ ვყოფილვარ ჯარისკაცი ამ ომში, თუმცა თავს ვგრძნობდი მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ომის ჯარისკაცად.“

ეს ექსპერიმენტი 40 წლის მანძილზე დარჩა გასაიდუმლოებული. სახაროვი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად, სოციალური შრომის გმირად და სტალინის პრემიის ლაურეატად გამოაცხადეს. სახაროვმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამჭოეთის სრულყოფილი წყალბადის ბომბის შექმნაში, რომლის ტესტირებაც 1955 წელს განხორციელდა.

აშშ-სა და სსრკ-ს შემდეგ თერმობირთვული იარაღი დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ჩინეთშიც შეიქმნა. ამ ხუთმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ე.წ. ბირთვული კლუბი. ისინი ითვლებოდნენ ბირთვული იარაღის შექმნის უნარის მქონე ქვეყნებად. იგივე მცდელობა პაკისტანს, ინდოეთსა და ისრაელსაც ჰქონდათ, თუმცა მათ საჭირო მასალების საკმარისი რეზერვი არ აღმოაჩნდათ. უკრაინამ, ყაზახეთმა და ბელორუსმა (საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნები) თავისი მარაგები რუსეთს გადასცა.