ავღანეთმა მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

  21:07:01     30-07-2011

29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთმა მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო. ბოსნია და ჰერცოგოვინამ ავღანეთის სახმელეთო ჯარებს Д-30-ის ტიპის 122 მმ-იანი ჰაუბიცების რვა ერთეულისგან შემდგარი პირველი პარტია გადასცა. გადაცემის ცერემონია სარაევოს სამოქალაქო აეროპორტში შესდგა. საერთო ჯამში, უახლოეს მომავალში, ავღანეთმა აღნიშნული ტიპის 60 ჰაუბიცა უნდა მიიღოს. მათი მიწოდება ბოსნიისა და ჰერცოგოვინის სამხედრო მარაგებიდან ხდება. ამ შემთხვევაში, ავღანეთისთვის იარაღის გადაცემა, 2009 წლის შეთანხმების საფუძველზე ხდება.

Д-30-ის ტიპის ჰაუბიცა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის გასანადგურებლად არის განკუთვნილი. ზოგადად, ჰაუბიცები ბალისტიკური (არა პირდაპირი დამიზნებით) ტრაექტორიით სასროლად გამოიყენება. შესაბამისად, მათ მოწინააღმდეგის განადგურება როგორც გაშლილ სივრცეზე, ასევე, რთული რლიეფის პირობებში შეუძლია. უნიკალური კონსტრუქციის ლაფეტის წყალობით, გადაადიგლების გარეშე, ჰაუბიცას ცეცხლის წარმოება აზიმუტის მიხედვით 360 გრადუსის დიაპაზონში შეუძლია. ეს კი ძალზე მოხერხებულია. სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლოში გადასაყვანად, საარტილერიო გათვლას 1.5-2 წთ სჭირდება.

თავის დროზე, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში, ეს ყველაზე გავრცელებული საარტილერიო საშუალება იყო. 22 კგ-იან ჭურვ,ს ჰაუბიცა მაქსიმალურ 15.6 კმ-ის დისტანციაზე ისვრის. სწრაფსროლა კი წუთში 6-8 გასროლას შეადგენს. თავის დროზე Д-30-ის სერიული წარმოება  ჩინეთში, ეგვიპტესა და ყოფილ იუგოსლავიაში ხდებოდა. ერაყელები კი მისი გამოყენებით თვითმავალი საარტილერიო დანადგარის შექმნასაც კი ცდილობდნენ. დღეს,  Д-30 მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებაშია. მათ შორის არის საქართველოც. ქართველი არტილერისტები მას ძალზე აქტიურად აფხაზეთის ომის დროს იყენებდნენ. მის ბაზაზე საბჭოთა კავშირში ტვითმავალი საარტილერიო დანადგარი „გვაზდიკაც“ შეიქმნა.

გეგმის მიხედვით, ჰაუბიცების ბოლო პარტიის ჩაბარება წლის ბოლოსთვის იგეგმება. ავღანური მხარისთვის მათ გადაცემამდე, ყველა ჰაუბიცა აღდგენისა და ნაწილობრივ მოდერნიზაციის პროგრამას გაივლის. ყველა სამუშაოს ბოსნიური კომპანიები ახორციელებენ, რომლებიც აშშ-ს თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. არსებული ცნობებით, მთლიანი პროგრამის ღირებულება 5.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ბოლო დროის განმავლობაში, აშშ აქტიურად მუშაობს ავღანეთის შეიარაღებული ძალების გადაირაღებაზე. ამ პროგრამის ფარგლებში, მაისის ბოლოს, აშშ-მ რუსულ „როსობორონექსპორტთან“ 367.5 მილიონ დოლარის ოდენობის კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება ავღანეთისთვის Ми-17-ის ტიპის 21 სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის შეძენას ითვალისწინებდა. პირველი შვეულმფრენები ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს ამ წლის ოქტომბერში გადაეცემა. საფრენი აპარატების მიწოდება კი 2012 წელს დასრულდება.

ამ ტიპის შვეულმფრენს, სამკაციანი ეკიპაჟისას, ბორტზე 32 ადამიანის მიღება შეუძლია. 7200 კგ-ის ტოლი ცარიელი მასისას, მისი სასარგებლო დატვირთვა 4000 კგ-ს შეადგენს. (4500 კგ გარე საკიდზე ტრანსპორტირებისას). ამ ტიპის შვეულმფრენები, თავისი მახასიათებლების წყალობით, ავღანურ პირობებში ყველაზე უკეთ მუშაობენ. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ამერიკელების არჩევანი. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ 21 შვეულმფრენთან ერთად, რუსეთი ავღანეთს უსასყიდლოდ დამაყებითად 3 ანალოგიური ტიპის შვეულმფრენს მიაწვდის.

უფრო ადრე კი, 2010 წლის 2 დეკემბერს, ავღანეთს უსასყიდლოდ ცეცხლსასროლი იარაღი ალბანეთმა გადასცა. სამხედრო დახმარების სახით, აზიურმა ქვეყანამ 30 ათასი „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატი და მათი 50 მილიონი ვაზნა მიიღო. ალბანეთის ხელისუფლების განმარტებით, ეს მათი ქვეყნის წვლილია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ალბანეთს ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვია-წამლის ძალიან დიდი მარაგი დარჩა. მაგრამ მისი უმეტესი ნაწილის გამოყენება, ჭარბი რაოდენობის გამო არ ხდება. მათ შენახვაზე ფულის ეკონომიის მიზანით კი, ალბანეთი ზედმეტ იარაღს ანადგურებს ან ვინმეს უსასყიდლოდ ჩუქნის. სხვათა შორის არ არის გამორიცხული, რომ ალბანეთმა ეს საჩუქარი საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ფარგლებში განახორციელა. რადგან ალბანეთი 2009 წლის პირველი აპრილიდან ჩრდილო ატნალტიკური ალიანსის წევრია. შესაბამისად ის მას ნელ-ნელა ალიანსის სტანდარტების შეიარაღებაზე მოუწევს გადასვლა.

იმავე, 2010 წელს, 20 ათასი „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატი და მათი 2.5 მილიონი ვაზნა ავღანურმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთისგან მიიღეს. უსასყიდლო სამხედრო დახმარების უკანასკნელი პარტია ქაბულის აეროპორტში რუსულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა 2010 წლის 12 ნოემბერს ჩაიტანა.