ტყვიაზე უსწრაფესი
16:07:33     30-07-2011
1945 წელს, ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა, აეროდინამიკოსმა ფონ კარმანმა, უახლოეს მომავალში, თვითმფრინავების ბგერის სიჩქარეზე სწრაფად ფრენა იწინასწარმეტყველა. მეორე მსოფლიო ომის წინ, ასეთი სიჩქარე მხოლოდ საარტილერიო ჭურვებთან ასოციერდებოდა. შესაბამისად, გერმანელი მეცნიერის წინასწარმეტყველება უფრო ფანტასტიკურ მონათხრობს წააგავდა. მაგრამ 1945 წლის დასაწყისისთვის, ამ განცხადებას სავსებით რეალური საფუძველი შეექმნა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანული და ამერიკული გამანადგურებლების მფრინავები უცნობი ფენომენის წინაშე აღმოჩნდნენ _ მაქსიმალური სიჩქარით პიკირებისას, ძლიერი ვიბრაცია წამოიქმნებოდა და მფრინავი თვითმფრინავზე კონტროლს კარგავდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს თვითმფრინავის წინ უხილავი კედელი იქმნებოდა, რომელიც არ იძლეოდა უფრო დიდი სიჩქარის განვითარების საშუალებას. ხშირად, ასეთი შემთხვევები კატასტოფებით მთავრდებოდა. ყველაფერს ნათელი სამეცნიერო კვლევებმა მოჰფინეს.
მიზეზი გარკვეულ ფიზიკურ და აეროდინამიკურ მოვლენებში მდგომარეობდა. თუმცა, მაშინ ზუსტად არავინ იცოდა, როგორ აცილებინათ მათთვის გვერდი.
ბგერის ბარიერის გადალახვას არაერთი ენთუზიასტის სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც დიდი სიმაღლიდან პიკირებით ზებგერითი სიჩქარის განვითარებას ცდილობდნენ. ავიატორები მალე მიხვდნენ, რომ ხრახნიანი თვითმფრინავით ბგერაზე სწრაფად ვერ გაფრინდებოდნენ.
1943 წლის დასასრულისთვის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაში პირველი რეაქტიული გამანადგურებლები გამოჩნდა. ესენი Me-262 და GGloster Meteor იყვნენ. მაგრამ მათი ძრავების არასაკმარისი სიმძლავრის გამო, ბგერის ბარიერი კვლავ მიუღწეველ ოცნებად რჩებოდა. დასახული ამოცანის გადასაჭრელად, სულ სხვა მიდგომა იყო საჭირო.
1943 წელს, აშშ-ში, ფირმა Bელლ-მა ექსპერიმენტურ თვითმფრინავზე X-1 დაიწყო მუშაობა. მისი შექმნის ერთადერთ მიზანს, ზებგერითი სიჩქარის განვითარება წარმოადგენდა. რაკეტულ ძრავიანი თვითმფინავის მშენებლობა 1945 წლის ბოლოს დასრულდა და შემდეგი წლის 19 იანვარს მან პირველი გაფრენა განახორციელა. დანიშნულებიდან გამომდინარე, აპარატი სტარტს ჰაერში, სპეციალურად გადაკეტებული B-29-დან იღებდა. მატარებელ თვითმფრინავზე ის ფიუზელაჟის ცენტრალურ ნაწილში გაკეთებულ ნიშაში, ნახევრადჩაფლულ მდგომარეობაში მაგრდებოდა.
1947 წლის 14 ოქტომბერს, X-1-მა, რომელსაც კაპიტანი ჩარლზ ეგერი მართავდა, რიგით 50-ე საცდელი გაფრენისას, 1199კმ/სთ-ის ტოლი სიჩქარე განავითარა და ზებგერითი ბარიერი გადალახა. ავიაციაში ახალი _ ზებგერითი ხანა დაიწყო.
1950-იანი წლების დასაწყისში, NASA-მ აქტიურად დაიწყო ატმოსფეროს სხვადასხვა სიმაღლეების შესწავლა. იმ პერიოდში, ორბიტული თვითმფრინავების პროგრამები ძალიან აქტუალური იყო. ამიტომაც 1954-ში 50-დან 100 კმ-მდე სიმაღლეების შესასწავლად, ახალი რაკეტული თვითმფრინავის შექმნა გადაწყდა. მას კოლოსალური ფრენის სიჩქარე 7200 კმ/სთ უნდა ჰქონოდა. ასეთი პარამეტრები, კოსმოსიდან დაბრუნებისას, ხომალდზე მოქმედი დატვირთვების მოდელირებისთვის იყო საჭირო.
ახალ თვითმფრინავს X-15 ეწოდა და მისი კონსტრუქცია 650 გრადუსზე იყო გათვლილი. ეს კი არც ისე ცოტაა. შედარებისთვის, ალუმინის დნობის ტემპერატურა 660 გრადუსია. დიდი სიჩქარით ფრენისას, ჰაერთან ურთიერთქმედების გამო წარმოქმილი ხახუნი, ტემპერატურის ზრდას იწვევს. იყო შემთხვევები, როდესაც X-15-ის მინა გახურებისგან კუთხეებში წითლდებოდა.
1958 წლის 15 ოქტომბერს, X-15-ის პროტოტიპის დემონსტრაცია შესდგა. შემდეგი წლის 10 მარტს, მატარებელი თვითმფრინავის გარე საკიდზე დამაგრებული X-15 პირველად აფრინდა ჰაერში. მის როლში სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 გამოდიოდა. მასზე ექსპერიმენტული თვითმფრინავი მარჯვენა ფრთის ქვეშ იკიდებოდა. გარკვეულ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ, X-15 შორდებოდა მას და მისი პილოტი რაკეტულ ძრავას რთავდა.
ახალმა ექსპერიმენტულმა თვითმფრინავმა პირველი დამოუკიდებელი ფრენა 1959 წლის 17 სექტემბერს განახორციელა. მატარებელი საშუალებიდან მოშორების შემდეგ X-15 15000 მ-ის სიმაღლეზე ავიდა და მიწაზე წარმატებით დაეშვა. საუკეთესო შედეგების საჩვენებლად, კონსტრუქტორებმა აპარატი მაქსიმალურად პატარა (ფრთის გაქანი 6.7მ, სიგრძე 15.24მ) და მსუბუქი (ცარიელის წონა 6350კგ) შექმნეს. სულ მალე, ამ საკმაოდ უცნაური იერის თვითვმფრინავმა, თავბრუდამხვევი რეკორდების დამყარება დაიწყო.
1960 წლის 4 აგვისტოს, რიგით 18-ე საცდელი გაფრენის დროს, 23800 მ-ის სიმაღლეზე ფრენისას, X-15-მა 3533 კმ/სთ-ს ტოლი სიჩქარე განავითარა. სამი წლის შემდეგ, 1963-ში რიგით 91-ე საცდელი გაფრენისას, X-15-მა, რომელსაც მფრინავ-გამომცდელი ჯო ვოლკერი მართავდა, ატმოსფეროს ფარგლებს შიგნით პილოტირებადი საფრენი აპარატისთვის სიმაღლის აბსოლუტური რეკორდი _ 107900 მ დაამყარა. ოთხი წლის შემდეგ კი, 1967 წლის 3 ოქტომბერს, ვილიამ კნაიტმა 188-ე საცდელი გაფრენისას, X-15-ს მაქსიმალური სიჩქარე _ 7274 კმ/სთ განავითარებინა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომლის გაუმჯობესებაც მხოლოდ 2004 წელს უპილოტო X-43-მა შესძლო.
სამწუხაროდ, იმავე წლის 15 ნოემბერს, 191-ე საცდელი გაფრენისას, ერთ-ერთმა X-15-მა კატასტროფა განიცადა, პილოტი მაიკ ადამსი დაიღუპა. ინცინდენტის შემდეგ, მიღებული იყო გადაწყვეტილება X-15-ის პროგრამის დახურვის თაობაზე. საერთო ამ ექსპერიმენტული პროგრამის შედეგად, უდიდესი ინფრომაცია და გამოცდილება იყო მიღებული. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში, 3-მმა თვითმფრინავმა 191 საცდელი ფრენა შეასრულა. დღეს დარჩენილი ორი X-15, აშშ-ს სამხედრო მუზეუმებშია გამოფენილი.