"ჩემს შვილს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არასდროს ჰქონია, კორონავირუსმა კი კინაღამ ხელიდან გამომაცალა, ვხედავდი, როგორ იგუდებოდა და სუნთქვა უჭირდა"

  23:15:10     01-04-2020

შოტლანდიელი კალუმ უიშარტი, რომელიც ქოლ-ცენტრის თანამშრომელია, ახლა კლინიკაში კორონავირუსს ებრძვის, იქ მოხვედრამდე სიცოცხლის შენარჩუნების იმედიც აღარ ჰქონდა.

კალუმი სამსახურმა 19 მარტს გაუშვა იზოლაციაში, რადგან ახალგაზრდა მამაკაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო. იმ საღამოსვე აღენიშნა ტემპერატურის მატება, თუმცა იფიქრა, რომ ორი კვირით სახლში ყოფნა გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა. ორ დღეში დაეწყო ძლიერი ხველა, გულისრევა და დიარეა - წერს Daily Record.

მამაკაცი დღითი დღე უარესად გრძნობდა თავს. მან ივარაუდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. საავადმყოფოში გადაყვანისთანავე ჩაუტარდა ტესტი და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

"ჩემს შვილს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არასდროს ჰქონია, კორონავირუსმა კი კინაღამ ხელიდან გამომაცალა, ვხედავდი როგორ იგუდებოდა და სუნთქვა უჭირდა, ვხედავდი, როგორ უღებდა ბოლოს ეს დაავადება. ხველა უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა, რაც დიდ ტკივილს იწვევდა მკერდის არეში, საბოლოოდ ამან ძალა მთლიანად გამოაცალა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ საშიშ ვირუსთან გვექნებოდა საქმე" - აღნიშნა კალუმის დედამ.

ქალის თქმით, მისი ვაჟი ახლა შედარებით უკეთ გრძნობს თავს, თუმცა მკურნალობის კურსს მანამდე განაგრძობს, სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება, თავად კი სავალდებულო იზოლაციაშია და შვილთან მხოლოდ ტელეფონით შეუძლია კონტაქტი.