ჯეიმზ ჯოისის „ავტორბოლის შემდეგ“
12:07:08     30-07-2011
1984 წელს თბილისში ქართულ ენაზე გამოვიდა ჯეიმზ ჯოისის მოთხრობების წიგნი „დუბლინელები“. თარგმანი ლია იმერლიშვილისაა. წიგნში შესულია 15 მოთხრობა. დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ მოთხრობას „ავტორბოლის შემდეგ“. წიგნი 1914 წელს გამოიცა პირველად.
ჯოისი საოცრად წერს (და კარგი ნათარგმნია): „გაშლილ სივრცეში სწრაფი მოძრაობა ყოველთვის აღტაცებას ჰგვრის ადამიანს. ამასვე განიცდის კაცი მაშინაც, როცა ცნობილი პიროვნებაა, ანდა ბევრი ფული აქვს“. როცა ამ სტრიქონებს ვკითხულობთ, ვხვდებით, რომ ჯოისი მართალია, რა კარგად შეუმჩნევია. მართლაც ასეა. ამის წარმოდგენა თუ შემჩნევა ბევრს შეუძლია, - მიუხედავად იმისა, ღარიბია თუ მდიდარი, ცნობილი თუ უცნობი საზოგადოებისათვის, - ოღონდ მას შემდეგ, რაც ჯოისის ამ სტრიქონებს წაიკითხავს... სხვაგვარად რომ იყოს, ყველა ჯოისის დონის მწერალი იქნებოდა.
მერე დიდი ირლანდიელი მწერალი განაგრძობს: „აი, სამი მთავარი მიზეზი ჯიმის აღზნებულობისა. ბევრმა ნაცნობმა იხილა დღეს იგი კონტინენტიდან ჩამოსულთა საზოგადოებაში. შესასვლელთან სეგუენმა შეჯიბრების ერთ-ერთი მონაწილე გააცნო. ჯიმიმ ქათინაურის მაგვარი რაღაც წაიბურტყუნა. პასუხად ფრანგის შავგვრემან სახეზე თეთრი კბილების მწკრივმა გაიელვა. სასიამოვნო იყო ასეთი პატივის შემდეგ საქმეში ჩაუხედავი მაყურებლის ბრბოში გარევა, მათი მუჯლუგუნებისა და მრავამნიშვნელოვანი მზერის ხილვა. რაც შეეხება ფულს, მას მართლაც საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა“...
ძალიან უბრალო და გენიალური გაგრძელებაა „სამ მსგავს“ აღტაცებაზე საუბრისა. რა კარგად ჩანს ადამიანთა ფსიქოლოგიის ცოდნა, დიდი სიბრძნე, რომელიც სულ ადვილი შესამჩნევია, თუ გენიოსი ხარ.
წინამდებარე მოთხრობაში კიდევ ბევრ საოცარ ფრაზას თუ მწერლის გენიოსურ ფრაზებს იპოვის მკითხველი (სწორედ ამიტომ გთავაზობთ). მაგალითად: „მანქანა მხიარულად მიაქანებდა თავის მოხორხოცე ტვირთს“ (თარგმანიც რა კარგია) ან „დროდადრო მაყურებელთა ბრბოში აღტაცების ყიჟინა გაისმოდა - ბეჩავი, გულკეთილი ირლანდიელები შეჯიბრების მონაწილეთ ესალმებოდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათი კეთილგანწყობილება უმეტესად ლურჯი მანქანების მხარეზე იყო, ეს მანქანები მათს მეგობრებს, ფრანგებს ეკითვნოდათ“ და სხვა.
ჯეიმზ ჯოისზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება.
ავტორბოლის შემდეგ
მანქანები დუბლინისაკენ მისრიალებდნენ, პაწაწინა ბურთულებივით მიგორავდნენ ნაას-როუდის ღარში. ინჩიკორის გორაზე ჯგუფ-ჯგუფად შეგროვებულიყვნენ ცნობისმოყვარენი, რათა შინისაკენ მობრუნებული ავტომანქანების მზერით დამტკბარიყვნენ. სიღატაკისა და უძრაობის ამ არხით კონტინენტი თავის სიმდიდრესა და ტექნიკას მოაქროლებდა. დროდადრო მაყურებელთა ბრბოში აღტაცების ყიჟინა გაისმოდა - ბეჩავი, გულკეთილი ირლანდიელები შეჯიბრების მონაწილეთ ესალმებოდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათი კეთილგანწყობილება უმეტესად ლურჯი მანქანების მხარეზე იყო, ეს მანქანები მათს მეგობრებს, ფრანგებს ეკითვნოდათ.
ამას გარდა, გამარჯვებულებიც, ფაქტიურად, ფრანგები იყვნენ. მათმა გუნდმა ერთად მიაღწია ფინიშს, მეორე და მესამე ადგილები დაიკავა. ხოლო პირველ ადგილზე გამოსული გერმანული მანქანის მძღოლი, როგორც ამბობდნენ, ბელგიელი იყო. ამიტომ, ყოველ ლურჯ მანქანას, რომელიც გორის თხემს გადალახავდა, გაორკეცებული სიხარულით ეგებებოდნენ, მანქანაში მსხდომნი კი მათ ყიჟინას ღიმილით და თავსი ქნევით ეპასუხებოდნენ. ამ კოპწია მანქანებიდან ერთ-ერთში ოთხი ახალგაზრდა კაცისგან შემდგარი კომპანია იჯდა. მათი გუნებაგანწყობა აშკარად მეტყველებდა, რომ მხოლოდ გალური კულტურის გამარჯვებას არ ზეიმობდნენ: მეტისმეტად ბევრს ხორხოცობდნენ. ესენი იყვნენ შარლ სეგუენი - მანქანის მფლობელი, ანდრე რივიერი - ახალგაზრდა ელექტროტექნიკოსი, წარმოშობით კანადელი, ახმახი უნგრელი, გვარად ვილონა და სალუქი ყმაწვილი, რომელსაც დოილს ეძახდენენ. სეგუენი კარგ გუნებაზე იყო, იმიტომ რომ სრულიად მოულოდნელად რამდენიმე წინასწარი დაკვეთა მიიღო (ის პარიჟში საავტომობილო საქმის წამოწყებს აპირებდა), რივიერი იმიტომ, რომ იმედოვნებდა, ამ საქმეში მმართველის პოსტი არ ამცდებაო, თანაც, ერთსაც და მეორესაც (ისინი ერთმანეთს ბიძაშვილებად მოხვდებოდნენ) ფრთებს ასხამდა ფრანგების გამარჯვება. ვილონა, გუნებაზე გემრიელ საუზმეს მოეყვანა, თან ბუნებითაც ოპტიმისტი იყო. რაც შეეხება კომპანიის მეოთხე წევრს, მას ზედმეტი აღზნებისაგან მხიარულების თავიც აღარ შერჩენოდა.
ოცდაექვსიოდე წლისა იქნებოდა, რბილი, ღია წაბლისფერი ულვაშები ამშვენებდა და გულუბრყვილოდ მომზირალი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. მამამისი ცხოვრების ასპარესზე გამოსვლისას თავგამოდებული ნაციონალისტი იყო, მაგრამ სულ მალე შეიცვალა შეხედულება. ფული კინგსტაუნში ყასბობით მოაგროვა, მერე დუბლინსა და გარეუბნებში დუქნები გახსნა და თავისი კაპიტალი ერთიათად გაზარდა. ბედი სწყალობდა. რამდენიმე სადაზღვეო პრემიაც მიიღო და, ბოლოს, ისე გამდიდრდა, რომ დუბლინის გაზეთები ვაჭრობის მეფეს უწოდებდნენ. შვილი ინგლისში გაგზავნა სასწავლებლად, დიდ კათოლიკურ კოლეჯში, მერე კი დუბლინის უნივერსიტეტში შეიყვანა სამართლის შესასწავლად. ჯიმის მაინცდამაინც დიდი სიბეჯითე არ გამოუჩენია, და ერთხანს გზასაც ასცდა. ფული ბლომად ჰქონდა, ამხანაგებს უყვარდათ და ისიც, საოცარი კია, მაგრამ მთელ თავის დროს მუსიკოსთა და ავტომრბოლელთა წრეში ატარებდა. მერე, ერთი სემესტრი კემბრიჯში დაჰყო, რომ ცოტა თვალი გაეხილა, ქვეყანა ენახა. მამამისმა ბევრი იბუზღუნა, დატუქსა კიდეც, როცა მის ვალებს ისტუმრებდა, მაგრამ გულში მაინც ამაყობდა შვილის ხელგაშლილობით. მერე შინ წამოიყვანა. სწორედ კემბრიჯში გაიცნო ჯიმიმ სეგუენი. დიდი მეგობრობა არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ ჯიმის ძალიან სიამოვნებდა იმ ადამიანთან ყოფნა, რომელსაც ბევრი რამ ენახა და გამოეცადა და, როგორც ამბობდნენ, საფრანგეთში ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროს მფლობელიც იყო. ამგვარ კაცთან ღირდა ნაცნობობის გაბმა (ამაზე მამაც ეთანხმებოდა), თუნდ ასე ამოდ მოსაუბრეც არ ყოფილიყო. არც ვილონასთან მოიწყენდა კაცი - დიდებული პიანისტი გახლდათ. თუმცა, საუბედუროდ, ძალიან ღარიბი.
მანქანა მხიარულად მიაქანებდა თავის მოხორხოცე ტვირთს. ბიძაშვილები წინ ისხდნენ. ჯიმისა და მის უნგრელ მეგობარს უკანა სკამზე მოეკალათებინათ. ვილონა მართლაც მშვენიერ გუნაბაზე იყო. მილს მილზე გადიოდნენ, ის კი, მთელი გზა, თავისი ძლიერი ბანით რომელიღაც მელოდიას აგუგუნებდა. ფრანგები მახვისიტყვაობდნენ, იცინოდნენ და ზურგსუკან მსხდომთ ეხუმრებოდნენ. ჯიმი წამდაუწუმ წინ იხრებოდა, რომ მათი ნათქვამი კარგად გაეგონა. ეს არც ისე სასიამოვნო იყო, რადგან სულ იმაზე უხდებოდა ფიქრი, რომ მათი სიტყვების აზრი გამოეცნო და მერე შესაფერისი პასუხი დაეყვირა, ქარი კი ამ დროს შიგ სახეში სცემდა. ვილონას ბუბუნი, კიდევ, ვისაც გინდა, იმას აუბნევდა თავგზას; ყოველივე ამას მოტორის ხმაურიც ერთვოდა.
გაშლილ სივრცეში სწრაფი მოძრაობა ყოველთვის აღტაცებას ჰგვრის ადამიანს. ამასვე განიცდის კაცი მაშინაც, როცა ცნობილი პიროვნებაა, ანდა ბევრი ფული აქვს. აი, სამი მთავარი მიზეზი ჯიმის აღზნებულობისა. ბევრმა ნაცნობმა იხილა დღეს იგი კონტინენტიდან ჩამოსულთა საზოგადოებაში. შესასვლელთან სეგუენმა შეჯიბრების ერთ-ერთი მონაწილე გააცნო. ჯიმიმ ქათინაურის მაგვარი რაღაც წაიბურტყუნა. პასუხად ფრანგის შევგვრემან სახეზე თეთრი კბილების მწკრივმა გაიელვა. სასიამოვნო იყო ასეთი პატივის შემდეგ საქმეში ჩაუხედავი მაყურებლის ბრბოში გარევა, მათი მუჯლუგუნებისა და მრავამნიშვნელოვანი მზრეის ხილვა. რაც შეეხება ფულს, მას მართლაც საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა. შესაძლოა, სეგუენს ეს თანხა არც ისე დიდად მოსჩვენებოდა, მაგრამ ჯიმი, მიუხედავად ყმაწვილური შეცდომებისა, მაინც საღი ინსტიქტების ღირსეული მემკვიდრე გახლდათ და მშვენივრად იცოდა, რაოდენ ძნელი იყო ამდენი ფულის მოქუჩება. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ წინათაც მისი ხელგაშლილობა დასაშვებ საზღვრებს არ გადადიოდა, და თუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქმე ღრმად განსწავლული ყმაწვილკაცის უბრალო ახირებას შეეხებოდა, მშვენივრად ჰქონდა შეგნებული, რამდენი ოფლის ღვრა სჭირდებოდა ფულის მოხვეჭას, მით უმეტეს ახლა მართებდა გონიერების გამოჩენა, რადგან სასწორზე საკუთარი ქონების მეტი ნაწილი უნდა დაედო. დიახ, ეს მას სერიოზულ საკითხად მიაჩნდა.
საქმე, რა თქმა უნდა, ნაღდი იყო. სეგუენმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ირლანდიელის წვლილს მხოლოდ მეგობრის გულისთვის უმატებდა კონცერნის კაპიტალს. ჯიმი პატივისცემით ეკიდებოდა მამამისის გამჭრიახობას კომერციულ საქმეებში, ახლა კი მამამ თვითონვე შესთავაზა წილში შესულიყო. ავტობიზნესით შეიძლებოდა ფულის გაკეთება, დიდძალი ფულის გაკეთება. გარდა ამისა, სეგუენი აშკარად ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაბადებული. ჯიმიმ ანგარიში დაიწყო. ცდილობდა, სამუშაო დღეებზე გადაენაწილებინა იმ დიდებული მანქანის ღირებულება, რომელშიც ახლა იჯდა. როგორ რბილად მისრიალებდა! რა თავმომწონედ მიჰქროდნენ გზაზე. ეს თავდავიწყებული ქროლვა ჯადოსნური ხელით ეხებოდა სიცოცხლის ჭეშმარიტ მაჯისცემას და ადამიანის ნერვიული სისტემის მექანიზმი მზად იყო აჰყოლოდა ლურჯი მხეცის შეუკავებელ სრბოლას.
ისინი დეიმ-სტრიტზე გავიდნენ, ქუჩაზე უჩვეულო მოძრაობა იყო. ისმოდა ავტომობილთა საყვირების ხმა და ტრამვაის ზარების მოუთმენელი წკარუნი. ბანკთან სეგუენმა მანქანა დაამუხრუჭა. ჯიმი და მისი ამხანაგი გადმოვიდნენ. ცნობისმოყვარეთა ბრბო შეგროვდა ტროტუარზე, რათა ღირსეული პატივი მიეგო მოთუხთუხე მანქანისათვის.
კომპანიას საღამოს სეგუენთან უნდა ესადილა, სასტუმროში, მანამდე კი ჯიმი და მისი უნგრელი უნგრელი მეგობარი, რომელიც ჯიმისთან იყო ბინად, შინ უნდა წასულიყვნენ ტანისამოსის გამოსაცვლელად. მანქანა ნელა დაიძრა გრაფტონ-სტრიტისკენ, ახალგაზრდებმა კი იდაყვები აამუშავეს და მოსეირეთა ბრბოში იწყეს გზის გაკვალვა. მერე ჩრდილოეთისკენ გასწიეს. უცნაურ გრძნობას შეეპყრო ორივე, ფეხით სიარული აღარ აკმაყოფილებდათ. მათ თავზე ქალაქი ზაფხულის საღამოს მსუბუქ ნისლში სინათლის მქრქალ ბურთულებს ჰკიდებდა.
ჯიმის შინაურთათვის ეს სადილი მთელი ამბავი იყო. მშობლების მღელვარებაში ერთგვარი სიამაყეც იგრძნობოდა; მზად იყვნენ არაფერი დაეზოგათ, რადგან უცხოეთის დიდი ქალაქების სახელებს, სხვა რომ არა იყოს რა, ამგვარი სურვილის აღძვრა მაინც შეუძლიათ. გარდა ამისა, კოხტად გამოწყობილი ჯიმის შეხედვას არაფერი სჯობდა. როცა ჰოლში იდგა და კიდევ ერთხელ ისწორებდა ჰალსტუხის ბოლოებს. მამამისი თითქმის კომერციულ კმაყოფილებას გრძნობდა იმის გამო, რომ შვილი უზრუნველჰყო ისეთი ღირსებებით, რომელთაც ფულით ვერ იყიდდი. ვილონას მიმართაც სწორედ ამიტომ ამჟღავნებდა უჩვეულოდ კეთილ განწყობილებას, და მთელი თავისი არსებით გამოხატავდა გულწრფელ პატივისცემას უცხოური ბრწყინვალების მიმართ. მაგრამ მასპინძლის გასხეპილი თავაზიანობა შეუმჩნეველი რჩებოდა, რადგან უნგრელ სტუმარს გვარიანად მოშივნოდა და ახლა მხოლოდ სადილზეღა ფიქრობდა.
სადილი კი მართლაც ჩინებული იყო. ჯიმის აზრით, სეგუენს მეტისმეტად დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. მათ კომპანიას ახალგაზრდა ინგლისელი შეუერთდა, გვარად რაუტი, რომელიც ჯიმის სეგუენისას ენახა, კემბრიჯში.
ახალგაზრდები ელექტრონის სანთლებით გაჩახჩახებულ მყუდრო ოთახში სადილობდნენ. თავისუფლად ეჭირათ თავი და ბევრს ლაყბობდნენ. ჯიმის ფანტაზიამ ფრთები შეისხა, უცებ ცხადად წარმოიდგინა, როგორ მოხდენილად მოერგო ფრანგების ახალგაზრდული სიკისკასე ინგლისური სიდარბაისლის მტკიცე ჩარჩოს. „ერთობ მომხიბვლელი სახეა, - გაიფიქრა მან, - თანაც, ჭეშმარიტებას გამოხატავს“. აღტაცებაში მოდიოდა იმ მოხერხებულობით, რომლითაც მასპინძელი საუბარს წარმართავდა. ხუთივეს სხვადასხვაგვარი გემოვნება ჰქონდა და თანაც ლაპარაკის საღერღელი აშლოდათ. ვილონა ესაზღვრო პატივისცემით განუმარტავდა ინგლისური მადრიგალის მშვენიერების საიდუმლოებას, ცოტა არ იყოს, ნირწამხდარ ინგლისელს. თან კი ძველებურ საკრავთა დაკარგვას ჩიოდა. რივიერმა არც თუ მთლად გულწრფელად დაუწყო ჯიმის იმის ახსნა, თუ რა იყო ფრანგული ტექნიკის ტრიუმფის მიზეზი. ის იყო, უნგრელის ბოხმა ხმამ რომანტიკოს მხატვართა ულაზათო, ყალბი ნათხაპნების დაცინვა დაიწყო, რომ სეგუენმა საუბარი პოლიტიკაზე გადაიტანა. ეს ყველასთვის ახლობელი და სასურველი თემა იყო. კეთილშობილურ სწრაფვას შეეპყრო ჯიმის მთელი არსება, გრძნობდა როგორ იღვრებოდა მასში მამისეული ცეცხლი: როგორც იქნა, გამოაფხიზლა და აიყოლია ზანტი რაუტი. მოსაუბრეები თანდათან ცხარდებოდნენ და სეგუენის ამოცანა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. კამათი შეიძლებოდა პირად შეურაცხყოფაში გადაზრდილიყო. მოხერხებულმა მასპინძელმა შესაფერისი მომენტი შეარჩია და კაცობრიობის სადღეგრძელოდ ასწია ჭიქა, ხოლო როცა ყველამ შესვა შეთავაზებული სადღეგრძელო, ფანჯარასთან მივიდა და ფართოდ გამოაღო.
იმ ღამეს დუბლინს, სატახტო ქალაქის ნიღაბი აეფარებინა. ნელ-სურნელოვანი სიგარების მსუბუქ კვამლში გახვეული ხუთი ახალგაზრდა მხიარული, ხმამაღალი საუბრით მისეირნობდა სტივენს-გრინზე. მოსასხამები დაუდევრად მოეგდოთ მხრებზე. ხალხი უნებურად უთმობდა გზას. გრაფტონ-სტრიტის კუთხეში ვიღაც დაბალი, სქელ-სქელი კაცი მანქანაში იჯდა. მანქანა დაიძრა და დაბალმა კაცმა ახლაღა შენიშნა ახალგაზრდები.
- ანდრე!
- ეს ხომ ფორლია!
ამას მოჰყვა სიტყვათა მთელი ნიაღვარი. ფორლი ამერიკელი იყო. რიგიანად არავის ესმოდა რაზე საუბრობნენ. ყველაზე მეტს ვილონა და რივიერი ხმაურობდნენ. მაგრამ მათ არც დანარჩენები ჩამორჩებოდნენ, მერე მანქანაში ჩასხდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ, ყველა ერთად ცდილობდა ჩაჯდომას, ერთი გნიასი და სიცილ-ხარხარი ატეხეს. როგორც იქნა, დაიძრნენ. ხალხის ბრბო ახლა სიბნელეს შერეოდა, ადამიანები ბუნდოვნად მოჩანდნენ. მხიარულად წკარუნებდნენ ზარები. უესტლენდ-როუს სადგურზე მატარებელში გადასხდნენ და, როგორც ჯიმის მოეჩვენა, სულ რამდენიმე წამში კინგს-ტაუნის ვაგზალზე გამოვიდნენ. მოხუცი კონტროლიორი ჯიმის მიესალმა:
- მშვენიერი ღამეა, სერ!
ზაფხულის წყნარი ღამე იყო. ნავსადგური ჩამუქებულ სარკესავით მოჩანდა მათ ფეხქვეშ. ხელიხელგადახვეულებმა დაიწყეს ჩასვლა, „Cadet Roussel”-ი* შემოსძახეს, ფეხებს აბაკუნებდნენ და მღეროდნენ.
- No! No! Hohe vraiment!**
ნავმისადგომთან ნიჩბიან ნავში ჩასხდნენ და ამერიკელის იახტისაკენ გასწიეს. იქ ვახშამი, მუსიკა და ბანქო ელოდათ.
- საუცხოოა, დიდებულია! - განაცხადა ვიღაცამ.
იახტის კაიუტაში პიანინო იდგა. ვილონამ ფორლისა და რივიერის ხათრით ვალსი დაუკრა. ფორლი კავალერი იყო, რივიერი კი ქალის მაგივრად ცეკვავდა.
ვალსს კადრილი მოჰყვა ექსპრომტად. ახალგაზრდები თვითონვე იგონებდნენ ფიგურებს. რა მხიარულება იყო! ჯიმი დიდი ხალისით მონაწილეობდა მასში. აი, ეს იყო ნამდვილი ცხოვრება. ბოლოს, ფორლიმ ვეღარ გაუძლო, გული ყელში მოებჯინა და „გეყოფათო“ დაიყვირა. მსახურმა მსუბუქი ვახშამი შემოუტანა. ახალგაზრდები ზრდილობის გულისათვის მიუსხდნენ სუფრას. სმით კი ბლომად დალიეს, ეს ჭეშმარიტად ბოჰემური საქციელი იყო. დალიეს ირლანდიის, ინგლისის, საფრანგეთის , უნგრეთის, ამერიკის შეერთებული შტატების სადღეგრძელო. ჯიმიმ სიტყვა წარმოსთქვა, ძალზე გრძელი სიტყვა, ვილონა კი კვერს უკრავდა და, როგორც კი ჯიმი სულისმოსათქმელად შეჩერდებოდა, ხმამაღლა ყვიროდა: „სწორია, სწორია!“ ხოლო როცა დაამთავრა, ტაშისცემა დიდხანს არ დამცხრალა. ალბათ კარგი სიტყვა გამოვიდა. ფორლიმ მხარზე დაჰკრა ხელი და გადაიხარხარა. რა მხიარული ბიჭები არიან. რა სასიამოვნოა მათ შორის ყოფნა.
- ბანქო, ბანქო! - მაგიდა მოასუფთავეს. ვილონა ჩუმად დაუბრუნდა პიანინოს და
თავისთვის დაიწყო დაკვრა. დანარჩენები კი ხელს ხელზე თამაშობდნენ და მამაცურად მიდიოდნენ რისკზე. დალიეს აგურისა და გულის ქალების სადღეგრძელო. ჯიმის გული სწყდებოდა, რომ მსმენელი არავინ ჰყავდათ: მახვილსიტყვაობას ბოლო არ უჩანდა. თამაში ეშხში შევიდა. მაგიდაზე ქაღალდის ფული გაჩნდა. ჯიმის კარგად ვერ გაეგო, ვინ იგებდა, ის კი იცოდა, რომ თვითონ აგებდა. მაგრამ ბრალიც თავისივე იყო - ხშირად ურევდა ქაღალდს და სხვებს უხდებოდათ მის მაგივრად ანგარიში. ღმერთივით ბიჭები იყვნენ, მაგრამ ჯიმის მაინც უნდოდა მალე დაემთავრებინათ: უკვე ძალიან გვიან იყო. ვიღაცამ შესთავაზა იახტის - „ნიუპორტის მშენებლის“ - სადღეგძელო შეესვათ. მერე კი ისევ ვიღაცამ თქვა, ბოლო, მაგარი ხელი ვითამაშოთო.
პიანინოს ხმა შეწყდა. ვილონა ალბათ გემბანზე ავიდა. ეს ბოლო ხელი შემზარავი იყო. დამთავრებას ცოტა უკლდა, რომ შეისვენეს და ბედის სადღეგრძელო დალიეს. ჯიმი მიხვდა, რომ ქაღალდი რაუტსა და სეგუენს უნდა გაეჭრათ. როგორ ღელავდნენ. ჯიმიც ღელავდა. თქმა არ უნდა, ისევ წააგებდა. ნეტავ რამდენი ჩაუწერეს? მეგობრები უკვე ფეხზე ამდგარნი თამაშობდნენ, თან გაცხარებით. ხელების ქნევით ლაპარაკობდნენ. რაუტმა მოიგო. მხიარულმა ყიჟინამ შესძრა კაიუტა, ბანქო მოაგროვეს. მერე ანგარიშის სწორებას შეუდგნენ. ფორლი და ჯიმი ყველაზე წაგებულნი აღმოჩნდნენ.
ჯიმი გრძნობდა, რომ დილით სანანებლად დაურჩებოდა თავისი საქციელი, ახლა კი მხოლოდ დასვენება სურდა; უხაროდა, რომ ბნელოდა და ეს უძრავი სიბნელე დაფარავდა მის უგუნურებას. იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, თავი ხელებში ჩამალა და საფეთქლებზე პულსის თვლა დაიწყო. კაიუტის კარი გაიღო და ზღურბლზე, ნაცრისფერ ბინდბუნდში, უნგრელის ფიგურა აისვეტა:
- თენდება ბატონებო!
--------------
* - “კადეტი როსელი“. ფრანგული ხალხური სიმღერა.
** - ჰო! ჰო! ჰოი, მართლა! (ფრანგ.)