ავღანეთი, კორონავირუსის გამო, ათასობით პატიმარს ათავისუფლებს
13:34:04     27-03-2020
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გამოსცა განკარგულება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად საპატიმროებიდან 10 ათასი მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
როგორც ავღანეთის გენერალურმა პროკურორმა, ფარიდ ჰამიდიმ, განაცხადა პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის დეკრეტი გავრცელდება პატიმარ ქალებზე, მძიმედ დაავადებულ მსჯავრდებულებზე, 55 წელზე ხანდაზმულ და ახალბედა პატიმრებზე.
ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ავრცელებს.
აშრაფ ღანიმ მოუწოდა სპეციალურ კომისიას, სასწრაფოდ შეიმუშაოს გასათავისუფლებელ პატიმართა სია. ავღანეთის პენიტენციური უწყების ხელმძღვანელის, აჰმად რაშედ ტოტახაილის, შეფასებით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში საპატიმროებს დატოვებს დაახლოებით 10 ათასი პატიმარი.
„დეკრეტი არ გავრცელდება იმ პატიმრებზე, რომლებიც მსჯავრდებული არიან სახელმწიფოსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის“, - განაცხადა"26 მარტს ავღანეთის გენერალურმა პროკურორმა.
ამ განცხადების ფონია ტყვეთა გაცვლის შესახებ ქაბულსა და თალიბებს შორის მოსალოდნელი მოლაპარაკებები, რაც აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.
თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები პირისპირ შეხვდებიან უახლოეს დღეებში, რათა მოილაპარაკონ 31 მარტამდე პატიმრების განთავისუფლების თაობაზე.
ავღანეთში კორონავირუსით დაავადების 90 შემთხვევა გამოვლინდა. 2 შემთხვევა სასიკვდილო აღმოჩნდა. მაგრამ შიშობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა ბევრად უფრო დიდი იყოს, რადგან სამოქალაქო ომში ჩაფლული ქვეყანა დროულად ვერ ახორციელებს იმ მოქალაქეთა ტესტირებას, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზიანებული ქვეყნიდან, მეზობელი ირანიდან, მასობრივად ბრუნდებიან სამშობლოში.