კორონავირუსით დაღუპულთა უმრავლესობა მამაკაცები არიან
10:54:14     21-03-2020
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, დაღუპულების 48.5%-ს 3 ან მეტი თანმხლები დაავადება ჰქონდა, ვიდრე კორონავირუსის დიაგნოზს დაუსვამდნენ. ამასთან, კვლევით დგინდება, რომ დაღუპულთა უმეტესობა, 70%-ზე მეტი, მამაკაცები არიან. მეცნიერები ვერ ხსნიან თუ რა განაპირობებს მსგავს მაჩვენებლებს. ერთ-ერთი ვარაუდით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალებს უკეთესი იმუნური სისტემა აქვთ და ის, რომ მამაკაცები მოწევისა და ალკოჰოლის მიღებისკენ მეტად არიან მიდრეკილი. აღსანიშნავია, რომ კვლევამ, რომელიც ჩინეთში ჩატარდა აჩვენა, რომ დაღუპულთა 2/3 ასევე მამაკაცები იყვნენ.
ცნობისთვის, გუშინ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალებისა და ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 47 021, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა მთლიანობაში 4 032 მიაღწია.