NASA გამოსავლის ძიებაშია

  13:03:14     27-07-2011

ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული სამეცნიერო გაერთიანება - ჰაერნაოსნობისა და კოსმოსური სივრცის შესწავლის ნაციონალური სააგენტო, იგივე NASA ჩიხშია მოქცეული. Mმიზეზს, ამერიკული პილოტირებადი პროგრამის დახურვა წარმოადგენს. 21 ივლისს, ამერიკული შატლი "ატლანტისი" დედამიწაზე, კოსმოსში თავისი უკანასკნელი გასეირნებიდან დაბრუნდა. ეს ფრენა უკანასკნელი არა მხოლოდ ამ ხომალდისთვის იყო. "სპეის შატლის" პილოტირებადი, ფრენების პროგრამა, რომელსაც ამერიკა 30 წლის განმავლობაში ანხორციელბდა, დასრულდა.

მართალია თანამგზავრების გასაშვებად, აშშ-ს ჰყავს შესაბამისი შესაძლებლობების რაკეტ-მატარებლები, მაგრამ ამიერიდან ამერიკულ ასტრონავტებს კოსმოსში, საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე ფრენა, რუსული Союз-ის ტიპის ხომალდებით მოუწევთ. რამდენ ხანს მოუწევთ ამერიკელ ასტრონავტებს რუსული ხომალდებით სარგებლობა, ჯერ არავინ იცის. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, ეს პერიოდი, მინიმუმ 4 წელიწადით განისაზღვრება. ყველაფერთან ერთად, ამ გარემოებას რამოდენიმე მინუსი გააჩნია. ამერიკულ შატლს, ბორტზე 7-8 ასტრონავტის მიღება შეეძლო. მაშინ როდესაც, რუსულ კოსმოსურ ხომალდს, მხოლოდ 3 ადამიანის მიღება შეუძლია.

მაგრამ ამ შემთხვევაში, ამერიკა საკუთარ ნაციონალურ პრესტიჟს უფრო უფრთხილდება. ამიტომაც იყო, რომ NASA-ამ დროებითი ალტერნატივის სახით კომპანია United Launch Alliance-თან ხელშეკრულება გააფორმა. რომლის თანახმად, საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე ასტრონავტების გასამგზავრებლად, კომპანიას კომერციული რაკეტა-მატარებელ Atlas V-ის მოდიფიცირება მოუწევს. ამერიკული კოსმოსური სააგენტოს არჩევანი, სავსებით გამართლებულია. Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივ საწარმოს, უკვე წლებია აშშ-ს ინტერესებისთვის, ორბიტაზე სხვადასხვა თანამგზავრები გაჰყავს.

ამჟამად, კოსმოსური ხომალდების თემატიკაზე, რამდენიმე ამერიკული კერძო კომპანია, ერთდროულად მუშაობს. თუმცა, მათგან მხოლოდ ერთმა, SpaceX-მა შეძლო მძიმე კლასის რაკეტა-მატარებლის, Falcon-9 შექმნა. მისი პირველი სტარტი, 2010 წლის 4 ივნისს, ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან მოხდა. ფრენა, საშტატო რეჟიმში განხორციელდა. პირველი ორბიტული ფრენა კი, იმავე წლის 8 დეკემბერს შედგა. სტარტიდან ათი წუთის შემდეგ, ხომალდმა დანიშნულ ორბიტას მიაღწია და რაკეტას ჩამოშორდა. მან დედამიწის გარშემო, 300 კმ-ის სიმაღლეზე, ორი ბრუნი გააკეთა. ატმოსფეროში შემოსვლა, საშტატო რეჟიმში განხორციელდა და აპარატი, პარაშუტებით წყნარი ოკეანის მითითებულ რაიონში დაეშვა.

ამ წარმატებული ფრენის შემდეგ, SpaceX-მა, შესაბამისი ლიცენზია მიიღო. მასა და NASA-ს შორის კი, სპეციალური ხელშეკრულება დაიდო. Falcon-9 საერთაშორისო ორბიტული სადგურის მიმართულებით, 12 საშტატო მისიას შეასრულებს. პირველი სტარტი წელს იგეგმება, თუმცა ამ შემთხვევაში ლაპარაკი მხოლოდ ტვირთზეა.

რაც შეეხება, Atlas V-ს, ის საკმაოდ საიმედრო რაკეტაა. დღემდე განხორციელებული 26 სტარტიდან ყველა წარმატებული იყო. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ამგვარი არჩევანი, მათ ახალი რაკეტის შესაქმნელად საჭირო თანხებს დაუზოგავს. მაგრამ პილოტირებადი ფრენების განსახორციელებლად რაკეტას გარკვეული ადაპტაციები დასჭირდება. ეს კი პირველ რიგში, დატვირთვების, ვიბრაციისა და ხმაურის ზღვრულ ნორმებში მოქცევას გულისხმობს.

რაკეტის პირველი სტარტი 2002 წელს შესდგა. ორსაფეხურიანი რაკეტა თხევად საწვავს მოიხმარს. სხვათა შორის რაკეტის პირველ საფეხურზე ამერიკელები საბჭოური წარმოების РД-180-ის ტიპის რაკეტულ ძრავებს მოიხმარენ. მათი რუსეთში შესყიდვა 1990-იან წლებში მოხდა. 58.3 მ-ის სიგრძის რაკეტის დიამეტრი 3.81 მ-ია და მისი სასტარტო მასა 334.5 ტ-დან 546.7 ტ-მდე ვარირებს. შესაბამისად დაბალ საყრდენ ორბიტაზე მას 18.8 ტ ტვირთის გატანა შეუძლია. ამჟამად მწარმოებლები რაკეტის შემდგომ მოდიფიკაციაზე Atlas V Heavy მუშაობენ. რაკეტის სტარტი ჯერ არ განხორციელებულა. მაგრამ დაბალი საყრდენი ორბიტისთვის მისი სასარგებლო დატვირთვა უკვე 29.4 ტ-ს შეადგენს. ამიტომაც დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალი პილოტირებადი ფრენებისთვის ამერიკა სწორედ ამ რაკეტას გამოიყენებს.