სტეფან მალარმეს „ლაჟვარდი“ და „გედი“ (სონეტი)

  11:50:13     27-07-2011

ცნობილი ფრანგი პოეტის სტეფან მალარმეს შესახებ პრესა.გე-ს მკითხველს მარტში ვესაუბრეთ, მის დაბადების დღეზე. იქვე იყო წარმოდგენილი მალარმეს ერთი ლექსი, „ზაფხულის სევდა“ თარგმნილი  ბადრი თევზაძის მიერ. მაშინ აღვნიშნეთ და ახლაც უნდა გავიმეოროთ: სტეფან მალარმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა სიმბოლისტური პოეზიის ისტორიაში. მალარმე პარიზში ხელმძღვანელობდა სიმბოლისტებისა და იმპრესიონისტების, პოეტებისა და მხატვრების ჯგუფს. მისი აზრით, პოეზია კი არ გვიჩვენებს, არამედ შთაგვაგონებს. მან დიდი გავლენა იქონია ნაცნობებზე, თანამედროვეებზე და შემდგომი თაობის სიმბოლისტებზე.

სტეფან მალარმე დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში. XX საუკუნის დასაწყისიდან მალარმეს ლექსებს თარგმნიდნენ შალვა აფხაიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, ანა კალანდაძე და სხვები. 1919 წელს ქუთაისში "მეოცნებე ნიამორებში" გამოქვეყნდა მალარმეს ლექსები  და პროზაული ნაწარმოებები (სანდრო ცირეკიძის ნათარგმნი).

გალაკტიონი აღტაცებული იყო მისით. მისით აღფრთოვანებული იყვნენ ჩვენი “ცისფერყანწელები”, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო, ტიციანი და სხვები. ტიციანი თავის ლექსში “ავტოპორტრეტი” მალარმეს აღტაცებით იხსენიებს: “ვფურცლავ მალარმეს „Divagations“-ს”. ტიციანი წერდა, ევროპული ფუტურიზმი მალარმეს საქმეს აგრძელებსო... აღფრთოვანებით მოიხსენიებს მალარმეს პაოლო იაშვილი: “გაგიჟებულ ფიქრს ოქროს სიტყვით ხიბლავს მალარმე”...

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში მოგვეპოვება ვალერიან გაფრინდაშვილის ორი შესანიშნავი ესე, რომლებშიც ის აღტაცებით მოიხსენებს მალარმეს: „ბარათაშვილი“ და „სონეტის პრობლემა“. ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ესეში ვალერიანი წერს, რომ ბარათაშვილი: „განიცდის დროს როგორც კოშმარს, მიწაზედ მიჯაჭვული, როგორც მალარმეს თოვლიანი გედი“. სონეტი, ქართველი პოეტებისათვის ლექსის საყვარელი ფორმა გახდა, ქართული სონეტი მათ ძალიან დახვეწეს და უმაღლეს ხარისხზე აიყვანეს. ერთ-ერთი, ვისი სონეტიც ძალიან უყვარდათ ქართველ პოეტებს, იყო მალარმე. ესეში, „სონეტის პრობლემა“ ვალერიან გაფრინდაშვილი წერს: „სტეфან მალარმეს დაუვიწყარი "გედიც" - სონეტია“ (გედი დაიწერა 1885 წელს). მკითხველს შეუძლია აღნიშნული ესეები იხილოს: www. presa.ge / ლიტერატურა.

სტეფან მალარმეს შემოქმედებაში, ადრეულ ეტაპზე,  კრიტიკოსები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად, მიიჩნევენ შესანიშნავ ლექსს - „ლაჟვარდი“ (1864 წელი). „სადღა გავიქცე, მაგრამ თითქოს წვეთი დამეცა: - / შთაგონებულმა კვლავ ვიხილე მე: - ზეცა, ზეცა!“ - მართლაც შესანიშნავი სტრიქონებია.

დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ სტეფან მალარმეს შესანიშნავ ლექსებს: „ლაჟვარდი“ და „გედი“, რომელნიც თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა. სტეფან მალარმეზე საუბარს ჩვენ კიდევ განვაგრძობთ, ვინაიდან, როგორც ვთქვით, მან დიდი როლი ითამაშა სხვადასხვა ქვეყნის სიმბოლოსტთა გემოვნების ჩამოყალიბებაში, როგორც პოეტმა და როგორც თეორეტიკოსმა.

ლაჟვარდი

სხივთა სიცილი ცას ამძიმებს. სხივთა მტევრობა
მშვენიერია, ვით ყვავილთა დაუდევრობა.
თავის ბედისთვის ემატება პოეტს გონება,
ცნობილ სევდების კვლავ უდაბნო მოევლინება.

დახუჭულ ცქერით მე მივდივარ, ვგრძნობ იმის თვალებს,
ვით სინიდისი ჩემს მარად სულს ტანჯვას ავალებს.
რომელ ღამეში გავისროლო ჩვენი ვაება,
სადღა გავიქცე, როცა ზიზღი სულს გადაება.

აღსდეგი ნისლო!  მოაბნიე ფერფლის სინაზე,
და შენი გრძელი ნაფლეთები გაჰკიდე ცაზე.
სად შემოდგომის წითელ-მწვანე ჩნდებიან ტბები,
ამართე ახლა მდუმარების  დიდი ბაღები.

ძვირფასო სევდა! დავიწყების ტბებს ზანტად სტოვებ,
მდინარის ტალახს და ლერწამებს ზანტად აგროვებს,
სევდიან ხელით ამოავსო გინდა ხვრელები,
რომლებს ღრუბლებში აკეთებენ ცის ფრინველები.

კიდევ და კიდევ! საკვამლენი იკვამლებიან,
ჭვრტლის კოშკები ხეტიალით ცაში ჰქრებიან,
იქ, სადაც შავი კოშმარია შავ ხაზებისა,
და ჰორიზონტზე მომაკვდავი სიყვითლე მზისა.

ცა გარდიცვალა! სუბსტანციავ! მიეცი ნება
ტანჯულს - ცოდვათა, იდეალთა გადავიწყება;
ტანჯულს, რომელიც ეზიარა სარეცელს ღარიბს,
სადაც პირუტყვი კმაყოფილი ღამეს ატარებს.

მეც ასე მინდა! რადგან ჩემ ტვინს განადგურებულს,
ვით უმარულის ნახმარ შუშას - კუთხეში გდებულს,
არ შეუძლია აფერადოს მტირალი აზრი
და ნაზ ოხვრებით ადიადოს სიკვდილი ბასრი.

ცდა უსარგებლო! და სიკვდილი ზარებში გალობს,
ო, სულო ჩემო, ის ამ ხმაში ხშირად მტარვალობს.

თავის სიავით ის გვაშინებს შეუპოვარი,
მწვანე angelus ლითონიდან ისმის მთოვარი;

მოექანება მძიმე ნისლში, გმირავს ფრთამალი
შენ სულის დამგლეჯ აგონიას, ვით ვიწრო ხმალი.

სადღა გავიქცე, მაგრამ თითქოს წვეთი დამეცა: -
შთაგონებულმა კვლავ ვიხილე მე: - ზეცა, ზეცა!

გედი

მუდამ ბრწყინვალე, მედიდური და მოთარეშე,
ნუთუ შენ ახლა ვერ დაამსხვრევ ფრთის გაბრაზებით
ტბას ყოფილს, სადაც იქარგება თოვლის ხაზებით
სპეტაკი ყინვა - უზენაეს ფრენის გარეშე.

შენ წარსულ დღეებს, სევდის გედო, ეძვირფასები,
ებრძვი უდაბნოს განათებულ სიმწუხარეში,
შენ ვეღარ ცხოვრობ გამოგონილ უცხო მხარეში,
და აი ბრწყინავს თვით ზამთარი თეთრ დარბაზებით.

რომ გადალახავ მკვდარ სივრცეებს, ტყვილად გგონია,
ეალერსება შენს თეთრ კისერს თვით აგონია,
შენ ფრთებითა ხარ მოჯაჭვული ლაღი, გვიანი.

შენი ჩვენება ამ წყვდიადში კრთის - დარდიანი;
მარტოობაში დაგამშვიდებს მეფური ძილი,
და სიამაყით იმოსება შენი აჩრდილი.