თურქეთში, კორონავირუსის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა
14:06:27     13-03-2020
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაადასტურა.
მისი თქმით, დაავადებული პირველი ინფიცირებულის წრიდან არის. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყანამ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზომებს მიმართა.
„გუშინ საღამოს ჩატარებულმა ტესტმა დაადასტურა სამწუხარო პროგნოზი. ჩვენ კიდევ ერთი პაციენტი გვყავს. ის პირველი პაციენტის წრიდან არის და პირველი შემთხვევის დადასტურებისთანავე ჩაუტარდა კვლევები. ჩვენ მივიღეთ ყველა აუცილებელი ზომა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამ პრობლემას ერთად დავძლევთ“ – განაცხადა კოჩამ.
თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 მარტიდან ქვეყანაში დაიხურება ყველა სასწავლო დაწესებულება, სტუდენტები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ. სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებელთა დასწრება კი აიკრძალება. გაუქმდა ოფიციალური ვიზიტებიც.
ამასთან, ქვეყანაში გაიზრდება სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაც.