
ექსკლუზივი: მოპარული 700 მილიონის სკანდალური დეტალები, კონკრეტული ფაქტები და ახალი ფიგურანტები - ბიზნესმენი ივანიშვილის კლანს, პროკურორებსა და დეპუტატებს ამხელს...
17:23:23     10-03-2020
ექსკლუზივი: პრესა.ჯი-მ ჩაწერა ბიზნესმენი, რომელიც ბიუჯეტიდან დღგ-ს კორუფციული სქემის გამოყენებით 700 მილიონის მოპარვის დეტალებს საჯაროდ ჰყვება.
გოჩა ბახია, რომელიც წლები პოლიტიკური თავშესაფრის გამო ფინეთში ცხოვრობდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იმის გამო დააკავეს, რომ ნავთობის ბიზნესში საკუთარი სიტყვის თქმა გადაწყვიტა...
მან ციხეში 9 თვე გაატარა და სულ რამდენიმე დღეა, რაც გათავისუფლდა.
გოჩა ბახია ადასტურებს, რომ დღგ-ს კორუფციული სქემის გამოყენებით, კრიმინალურმა სინდიკატმა, ჯამში 680-დან 700 მილიონ ლარამდე მოიპარა.
ის ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც, რომლებიც, მისი თქმით, ყველაზე მსხვილი კორუფციონერები არიან.
ესენია: ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, პროკურორი მამუკა ვასაძე, ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ქართული ოცნების მხარდამჭერი და დეპუტატი გოჩა ენუქიძე, შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების სიმბოლო ვანო ჩხარტიშვილი და ა.შ...
მეტიც, გოჩა ბახია ჰყვება სქემას, თუ როგორ მოპარეს „სოკარსა“ და „მადოქსს“ ჩხარტიშვილმა და ფარცხალაძემ ტონობით ნედლი ნავთობი, რომელიც საბოლოოდ აფრიკაში, ტერორისტებს მიჰყიდეს.
მისი თქმით, ამ სქემაში მონაწილეობდა ფინანსური პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსანი მამუკა ვასაძეც.
presa.ge: ბატონო გოჩა, რას საქმიანობთ, როდის დაგიჭირეს და რა ოფიციალური ბრალი წარგიდგინეს?
[I=2]გოჩა ბახია: 1993 წლიდან ოჯახთან ერთად, პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შემდეგ, ფინეთში ვცხოვრობთ. გასულ წელს გადავწყვიტე ბიზნესი წამომეწყო ნავთობის სფეროში და რუსეთიდან შემოვიტანე საწვავი საქართველოში. აღნიშნული საწვავი ცუდი კომპანიის ხელში ჩავარდა. აღმოვჩნდი გაუგებრობაში და ამან მეც დამაზარალა.
- რომელი კომპანიისთვის ჩამოიტანეთ საწვავი?
- ეს იყო კომპანია „აფრო“. ჩამოვიტანე 2,000 ტონა საწვავი და განვაბაჟე იმავე დღეს. გადავიხადე განბაჟების თანხა 1,800, 000 ლარი. მეორე დღეს დამაკავეს, რადგან ჩემს მიერ ჩამოტანილი საწვავი იყიდა კომპანიამ, რომელსაც დავალიანება ჰქონდა სახელმწიფოს მიმართ. „აფრო“ იყო სუსის მიერ ჩემთვის შემოგდებული თემა.
- ზუსტად როდის მოხდა ეს?
- 2019 წლის 30 აპრილს გავაკეთე განბაჟება, მეორე დღეს დამაკავეს. უფრო სწორად მომიტაცეს, რადგან ეს დაკავება ძალიან არაკანონიერი იყო.
- სად წაგიყვანეს?
- ფინანსურ პოლიციაში. დაკავების ოქმი არ არსებობს, არსად ჩანს, რომ მე დაკავებული ვიყავი.
- ანუ, ოფიციალური დოკუმენტებით, თქვენ არ იყავით დაკავებული?
- ოფიციალურად ბრალიც არ მქონდა წარდგენილი და არც ეჭვმიტანილი ვიყავი.
- მიზეზი მაინც თუ განგიმარტეს, რატომ იყავით დაკავებული?
- „აფროს“ ჰქონდა დღგ-ს დავალიანება, ხოლო მე რა შუაში ვიყავი აქ, დღემდე არ ვიცი. კომპანიამ უბრალოდ ჩემგან საწვავის შეძენა გადაწყვიტა.
- სასამართლო თუ გაიმართა თქვენს დაკავებასთან დაკავშირებით?
- კი, სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
- ოფიციალური დოკუმენტებით რა ბრალი წარგედგინათ?
- ოფიციალური ბრალი არის ამ კომპანიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, რაც ვერანაირად მიმტკიცდება, მხოლოდ სატელეფონო საუბარი გვქონდა, რომ ჩემგან შეისყიდდნენ საწვავს.
- ვინ და ვინ არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები ან მმართველები?
- გენადი ზაალიშვილი, რომელიც არის ამ სასამართლოზე ოქროს მოწმე ჩემს წინააღმდეგ. მან ვერაფერი თქვა, რადგან ფიზიკურად არ მქონდა ამ ხალხთან შეხება.
- თუ კომპანია „აფროს“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას გედავებიან, თავად „აფროს“ წარმომადგენლები რატომ არიან სასამართლოზე მოწმეები თქვენს წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც თავად აცხადებთ, სახელმწიფოსგან გადასახადების დამალვის გამო შევიდა შავ სიაში?
- ისინი აცხადებენ, რომ თითქოს ჩემი შეკვეთით განხორციელდა ეს აფიორა. ეს საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია. ამათთან კავშირი ერთი წლის წინ დავამყარე, კომპანია კი გადასახადებს 2015 წლიდან მალავს. ამის შესახებ მე ინფორმაციას არ ვფლობდი და მხოლოდ კანონიერი გზით თანამშრომლობის დამყარებას ვგეგმავდი, თუმცა ასეთ გაურკვევლობაში ამოვყავი თავი.
მე ამ ადამიანებს არ ვიცნობდი, ტელეფონით შედგა ჩვენი კონტაქტი. 25 წელი ევროპაში ვიცხოვრე, ბიზნესიც მქონდა ელემენტარული ჯარიმა არ მიმიღია, იმდენად კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოქალაქეობრივ ვალს. ამ ქვეყანაში კი, სადაც სამართალი არ არსებობს, ჩემს უდანაშაულობას ვერ ვამტკიცებ.
- რა კავშირი აქვს ამ საქმესთან ოთარ ფარცხალაძეს, გოჩა ენუქიძეს, ვანო ჩხარტიშვილს, უცა მამაცაშვილს?
- მე დავიწყე იმ საქმეების შესწავლა, რომელიც დღგ-ს კორუფციული სქემით დამალულ გადასახადებს და უკანონოდ მიტაცებულ თანხებს ეხებოდა. როგორც გავარკვიე, მართლა არსებობდა ყალბი დღგ-ს თემა.
[I=4]ეს ყველაფერი დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ. იმ ფულით, რომელიც არაკანონიერი მოგების სახით რჩებოდათ ამ ფინანსურ მაქინაციებში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია დააფინანსეს.
უფრო კონკრეტულად კი, ნახევარი თანხით კამპანია დააფინანსეს, ნახევარი ჯიბეში ჩაიდეს.
- შეგიძლიათ, იმ პირების სახელები და გვარები დაასახელოთ, რომლებიც ამ ფინანსურ გაყალბებებს ახორციელებენ?
- ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი - ეს ადამიანები არიან ამ ფინანსური თაღლითობის სათავეები.
ისინი ბოლოს საერთოდ აღარ იხდიდნენ დღგ-ს, პირდაპირ კონტრაბანდული გზით შემოჰქონდათ საწვავი ლაშა ქორიძის დახმარებით.
- ვინ არის ლაშა ქორიძე?
- ეს არის ფარცხალაძესთან დაახლოებული პირი. მთლიანად ეს ორგანიზაცია - ფინანსური პოლიცია მიტაცებული აქვს ამ დაჯგუფებას.
ეს არის კრიმინალური სინდიკატი, რომელმაც მიიტაცა ეს უწყება.
მეტიც: პროკურორი მამუკა ვასაძე და ზემოთ ჩამოთვლილი პირები წლებია ამ საქმით არიან დაკავებულნი.
მე აქამდე რომ არ ვცხოვრობდი საქართველოში, არ ვიცოდი, თუ ასეთი უსამართლობა სუფევდა ქვეყანაში და სახელმწიფო იყო ამის სათავე.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, ტუნისელ ტერორისტებთან გარიგებულ საქმეებზე?
- ეს სქემა 2013-2014 წლიდან მუშაობდა. აზერბაჯანული ფესვების შვეიცარიული ფირმა „მადოქსი“ საქართველოს ბაზარზე ჰყიდის საწვავს.
საქართველოში საწვავი ყველაზე ძვირი რომ ღირს, მოგეხსენებათ და აქედანაც ძალიან დიდ ფულს ჭრიან. ეს საწვავი რკინიგზის საშუალებით ჩამოდის და გადის ქვეყნიდან ქვეყანაში.
[I=3]უჩა მამაცაშვილმა ჩაიგდო ეს რკინიგზა ხელში და ერთ ტონა საწვავში 33 დოლარს უხდის რკინიგზას, რეალურად კი ნავთობის გატანა ჯდება 93 დოლარი ერთი ტონა.
თითო ტონაზე 60 დოლარი მიდის გაურკვეველ კომპანიებში. ბათუმში ვანო ჩხარტიშვილის ტერმინალის გამოყენებით „მადოქსის“ ვაგონებიდან (თითო ვაგონში 72 ტონაა) იპარავენ დაახლოებით 5%-ს, ანუ თითოდან 4 ტონამდე ნავთობს.
სწორედ ეს მოპარული ნავთობი დააგროვეს ჩხარტიშვილის ტერმინალში და ბოლოს მისი ნაწილი მიყიდეს ტერორისტებს.
კერძოდ: საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა სამი გემი (ხელთ მაქვს საბუთები, სადაც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი), შემდეგ ეს სამივე გემი ვითომ ცარიელი გაემგზავრა ბათუმიდან.
საბოლოოდ, ეს გემები (12, 14, 16 ათასი ტონა ნავთობით. მთლიანი საშულო ფასით 16 მლნ დოლარი) უკვე თურქეთში აღმოჩნდნენ.
ერთ-ერთი გემი კი, რომელშიც 12 ათასი ტონა ნავთობი იყო, ჩავიდა ტუნისის რესპუბლიკაში, სადაც ნავთობი ტუნისელ ტერორისტებს მიჰყიდეს ძალიან იაფად - ნახევარ ფასში.
შემდეგ ჩამოიტანეს ეს ფული საქართველოში და გაათეთრეს. ეს არის მოპარული ფული, რომელიც თაღლითობის გზით მოიპოვა ამ კრიმინალურმა სინდიკატმა.
P.S: ეს სკანდალური ინტერვიუ არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ხარისხში აყვანილ დიდი ოდენობით თანხების მიტაცებასთან.
ეს არის კიდევ ერთი ფაქტი დიდი და კორუფციული სქემისა, თუ როგორ იპარავენ ხალხის ფულს ივანიშვილის კლანის წარმომადგენლები.
შესაბამისად, პირი, რომელმაც ეს სქემა კარგად იცის, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია გამოძიებისათვის და მეორე მხრივ, უკიდურესად საშიშია კრიმინალური სინდიკატისათვის.
თუმცა, ისე ხდება რომ ფინანსურ პოლიციასა და სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში, სადაც გამოძიება ივანიშვილის ნათესავს, შენგელი ფიცხელაურს მიჰყავს, ყველაფერს აკეთებენ მამაცაშვილის, ფარცხალაძისა და ოლიგარქის კლანის სხვა წარმომადგენლების „გასათეთრებლად“, რითაც ღიად ადასტურებენ, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან...