"გარდიანი": კორონავირუსმა ეტიკეტის ახალი წესები, იდაყვის შეხებით მისალმება და ფეხით ფეხზე შეხება დაამკვიდრა
15:58:16     04-03-2020
ხელის ჩამორთმევა, ლოყაზე კოცნა, ჩახუტება - ყოველდღიური მისალმებები, რომლებიც ჩვენს კულტურაში არის აღბეჭდილი, უკვე არ არის ისეთი მისასალმებელი, როგორც ადრე იყო, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი სტატიაში იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის კორონავირუსის გავრცელება სოციალურ ურთიერთქმედებას მსოფლიოში.
როდესაც გერმანიის კანცლერმა ხელი გაუწოდა შს მინისტრს, მან უარი განაცხადა ხელის ჩამორთმევაზე. კორონავირუსამდე ამგვარი საქციელს ცუდ მანერებს მიაწერდნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 150 შემთხვევა დაფიქსირდა, ანგელა მერკელმა გაიღიმა და განაცხადა, რომ მინისტრი სწორად მოიქცა.
იტალიაში, კორონავირუსის საკითხზე ქვეყნის სპეციალურმა კომისარმა, ანჯელო ბორელიმ აღნიშნა, რომ „იტალიელების დემონსტრაციული ბუნება ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს“.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა ასევე მოუწოდა ფრანგებს უარი თქვან ჩახუტებაზე და ერთმანეთის კოცნაზე.
ჯანმოს პანდემიური დაავადებების დირექტორის, სილვი ბრანის თქმით კი, ხელის ჩამორთმევის უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს იდაყვის შეხებით მისალმება, ფეხით ფეხზე შეხება და აზიური მისალმება, კერძოდ „ვაი“.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.