საზარელი მკვლელობა თბილისში - ახალგაზრდა მამაკაცმა დედა მოკლა და ცხედარი დაწვა
21:29:56     03-03-2020
სასტიკი მკვლელობა მოხდა ისანში - შვილმა დედა მოკლა და ცხედარი დაწვა. შსს-მ ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.