მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

  11:16:52     03-03-2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც ორი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს თავის დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. ის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მეორედ ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.