"ტელეფონი დაულომბარდებია, მამას უთქვამს - ხვალ დაგელაპარაკებიო, ღამით თოფი ესროლა მძინარეს და მოკლა" - საჩხერეში 16 წლის ბიჭის მიერ მამის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

  17:41:08     21-02-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, არასრულწლოვანი შვილის მიერ მამის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების განცხადებით, შვილი მოკლულ მამას, რომლის ცხედარი ეზოში მდებარე სათავსოს სარდაფში თავად გადამალა, მეზობლებსა და ახლობლებთან ერთად „ეძებდა“.

„შვილს ტელეფონი დაულომბარდებია. მამა იმ დღეს სახლში ნათქვამი მისულა და ბავშვისთვის უთქვამს, ახლა ნასვამი ვარ და ხვალ დაგელაპარაკებიო. ამის მერე დაუძინია. შვილმა მძინარე მამას ესროლა სანადირო თოფი, ამის მერე მისი ცხედარი სახლის ეზოში მდებარე საწყობის სარდაფში გადამალა, რამდენიმე საათის მერე კი მამამისის „მოძებნა“ ოჯახის სხვა წევრებსა და მეზობლებთან ერთად დაიწყო“, - აცხადებს ჟურნალისტებთან სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საჩხერეში შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.