
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა
10:05:32     21-02-2020
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაინიშნა.
სოფიო ქაცარავა გახლდათ 2016-2019 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულების ხელმძღვანელი. სოფიო ქაცარავას 2016 წელს მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ის ჯილდო, 1998 წლიდან 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში.
შეგახსენებთ, რომ სოფიო ქაცარავამ პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ 2019 წლის 16 ნოემბერს განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.
"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!", - წერდა ქაცარავა სოციალურ ქსელში.