კადაფის ძალებმა ამბოხებულების ბენზინსაცავი ააფეთქეს

  11:07:35     26-07-2011

ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგულმა შეიარაღებულმა ძალებმა ამბოხებულებს მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო გადაუკეტეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად, მათ მსხვილი ბენზინსაცავი ააფეთქეს, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ მისრატში მდებარეობდა და ამბოხებულების მიერ კონტროლდებოდა. ამ ბენზინსაცავის მეშვეობით, ამბოხებულები საკუთარ ტექნიკას და ავტომობილებს ამუშავებდნენ.  

უცხოელი დამკვირვებლები ირწმუნებიან, რომ კადაფის მხარდამჭერებმა, ნელ–ნელა და ეფექტურად აითვისეს ამბოხებულებისაგან ის მეთოდები, რომლებიც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელთ უცხოეთიდან მივლინებულმა ინსტრუქტორებმა შეასწავლეს. ექსპერტებმა ამ დაბომბვას უკვე უწოდეს კადაფის ყველაზე მსხვილი წარმატება, ომის დაწყებიდან დღემდე. დღეს დილით, გუშინდელი დაბომბვის შემდეგ, ქალაქი კვლავ მუქი კვამლითაა დაფარული, რაც საცავის აფეთქებამ გამოიწვია.