შსს: 2018-2019 წლებში საქართველოში ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი შემცირდა. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის 2019 წელს პასუხისგებაში მიეცა 4564 პირი
16:18:28     13-02-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
ცაციაშილის თქმით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციისადმი მომართვიანობა, რაც ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.
2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5621 შემთხვევაზე.
2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა დაკავების ღონისძიება. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ.
2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. (2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7646-ს შეადგენს).
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის გამკაცრდა პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ასევე, ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რამაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა დაცვის რეალურ ინსტრუმენტად აქცია. შედეგად:
• შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ მხოლოდ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი.
• 2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.
• შემცირდა ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს გარდაიცვალა 14 ქალი, 2017 წელს - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, ხოლო 2019 წელს - ასევე 7 ქალი.
• გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს - 9 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. სამინისტროს ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განმეორებითი ძალადობისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც, რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პოლიციელთა მიერ მოძალადეთა მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევისა და პოლიციისადმი მომართვიანობის გაზრდის მიუხედავად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც არ თანამშრომლობენ პოლიციასთან, რაც მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებს.
მსხვერპლის ეფექტიანი დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის კიდევ უფრო გააქტიურება. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, დროულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რათა პოლიციას ჰქონდეს თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის რეალური შესაძლებლობა.