თბილისში, რეპეტიტორის ქმარი ცოლთან მოსამზადებლად მისულ არასრულწლოვან გოგონებს ტუალეტში უთვალთვალებდა და ვიდეოებს უღებდა - საქმეს შსს იძიებს

  12:19:24     08-02-2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საქმეს, რომლის მიხედვითაც, რეპეტიტორის ქმარი მოსამზადებლად მის ცოლთან მისულ არასრულწლოვნებს ტუალეტში უთვალთვალებდა და მობილურით ვიდეოებს უღებდა. ინფორმაცია ამ საქმის შესახებ თავდაპირველად გამოცემა "პრაიმტაიმმა" გაავრცელა.

"რამდენიმე დღის წინ მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ მასწავლებლის სახლის საპირფარეშოში ტელეფონის კამერით უთვალთვალებდნენ. ტელეფონის ჩანაწერების ნახვისას აღმოჩნდა, რომ თვალთვალს პედაგოგის ქმარი ახორციელებდა, რომელიც საპირფარეშოში ტელეფონის ფარულად დადების მომენტში კამერაზე თავადაც არის აღბეჭდილი", - წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციითვე, მასწავლებელმა ამის შესახებ შეიტყო და გოგონებს სთხოვა, რომ არავისთვის ეთქვათ.

შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. ამ მუხლით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.