საკრებულოს სკანდალური დადგენილება - როგორ იყენებს რეჟიმი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს

  13:07:17     06-02-2020

პრესა.ჯიმ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საეჭვო დადგენილება მოიპოვა, რომელიც დიდი ალბათობით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და გაყალბების სქემაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პატიმრების გამოყენებას უკავშირდება. 

კერძოდ, წყალტუბოს საკრებულოს 2020 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებულ დადგენილებაში (ნომერი 2), მუნიციპალიტეტი ვალდებულებას იღებს დააფინანსოს მძიმე და განსაკუთრებულით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების ოჯახის წევრების სწავლის გადასახადი. 

ამონარიდი დუკუმენტიდან: 

"მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

...წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწასებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მარჩენალის დაკარგვის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის გამო. 

სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა".

[I=2] საინტერესო დეტალი: ცხადია, სახელმწიფო ვალდებულია სოციალური პროგრამების ფარგლებში ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე დააფინანსოს ესა თუ ის სტუდენტი, მაგრამ რატომ გახდა აუცილებელი ასეთი ჩანაწერის გაკეთება წყალტუბოს საკრებულოს დადგენილებაში? 

კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება ეს დადგენილება იქიდან გამომდინარეც რომ თუ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შვილებს უფინანსებს სწავლის გადასახადს, რა დააშავეს მსუბუქი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შვილებმა? 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2020 წლის 31 იანვარს მიღებული დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და შესაბამისად, ძალაშიც შევიდა. 

ჩვენი ინფორმაციით, მალე მსგავსი ჩანაწერი გაჩნდება სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებშიც.

რატომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული?

ცნობილია რომ წყალტუბოს თვალი დაადგა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რომელმაც ამჯერად იქ არსებული სასტუმროების მითვისება განიზრახა, რომლის საშუალო ღირებულება 200 მილიონს აღემატება. 

შესაბამისად, წყალტუბოელთა დიდი ნაწილის ლოიალობის მოპოვება ივანიშვილის პირდაპირი ინტერესია. 

გარდა ამისა, კარზეა მომდგარი საპარლამენტო არჩევნებიც, რომელსაც აქამდე გამოქვეყნებული ყველა სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ქართული ოცნება აგებს (ოპოზიციის საერთო რეიტინგი, მმართველი პარტიისას აღემატება). 

ამიტომ, ივანიშვილის რეჟიმის მიზანია ერთი მხრივ, არჩევნების გაყალბება და ამომრჩეველთა ნების იგნორირება და მეორე მხრივ, გაყალბების სქემაში გავლენიანი კრიმინალების მაქსიმალურად ჩართვა. 

[I=3] ეს კი იმას ნიშნავს რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია ერთი ან რამდენიმე ისეთი კრიმინალი, რომელიც ამ მომენტში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის იხდის სასჯელს და მზადაა გარკვეული გარიგების სანაცვლოდ რეჟიმს არჩევნებში დაეხმაროს, რომლის ერთი კომპონენტიც საკრებულოს დადგენილებაში გაკეთებული ჩანაწერია.

მალე ანალოგიური სქემით იმოქმედებენ სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებიც. 

გეგმა ასეთია: შსს, პროკურატურა და სუსი მუშაობს იმ პირთა დადგენაზე, რომლებიც კრიმინალურ სამყაროში გავლენით გამოირჩევიან და სხვადასხვა დანაშაულის გამო სასჯელს იხდიან. 

ასეთ პატიმრებს ქართული ოცნება გარიგებას სთავაზობს და არჩევნებში მათ ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენების სანაცვლოდ, ან სასჯელის შემცირებას ან გათავისუფლებას, ქრთამსა თუ ოჯახის წევრების სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებას ჰპირდება. 

თუმცა, მიუხედავად იმისა რომ რეჟიმი ყველაფერზე მიდის, რათა 2020-ში ხალხმა არ გაიმარჯვოს, ქართული ოცნების რეიტინგი, გავლენა და მისდამი ნდობა სულ უფრო და უფრო მეტად ეცემა, რასაც საშინაო თუ საგარეო ფაქტორები განაპირობებს. 

კერძოდ: ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონი, ივანიშვილის მიერ ხალხის ცინიკურად გადაგდება, ახალგაზრდული მოძრაობების გააქტიურება, საპროტესტო ტალღა და საგარეო ფაქტორი ფაქტობრივად იმის გარანტიაა რომ ოლიგარქს ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევს. 

ამას ემატება ევროკავშირის, ამერიკის სენატისა და კონგრესის მკვეთრი მინიშნებებიც იმის შესახებ რომ თუ ივანიშვილი არჩევნების მოპარვას ეცდება, მის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები ამოქმედდება, რასაც მარტივ ენაზე ოლიგარქისა და მისი ოჯახის მილიარდების გაყინვა ჰქვია.