სამხედრო პოლიციამ 2018-2019 წლებში ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავა
10:40:05     03-02-2020
2020 წლის 1 თებერვალს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გ.ჯ, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. გ.ჯ. თავდაცვის სამინისტროს ქონებას უკანონოდ დაეუფლა 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში.
2019 წლის 18 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N 110181219001 საქმეზე, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრის (აღმოსავლეთის) დაცვის ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მოძიებულ და დაკითხულ იქნა მოწმეები, რომლებიც ფლობდნენ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, პარალელურად ჩატარდა შიდა უწყებრივი რევიზია, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს გ.ჯ.-ს დაკავების თაობაზე. მ/წლის 1 თებერვალს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე გ.ჯ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და გადაყვანილ იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში .
გ.ჯ. 2019 წლის 23 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ბიულეტენზე, ხოლო შემდგომ პერიოდში იანვრის თვეში კუთვნილ შვებულებაში. ამ პერიოდში ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა შტაბის უფროსი შოთა თავართქილაძე.