აშშ-ში ახალი სავიზო რეგულაციები ამოქმედდა
13:49:20     24-01-2020
დღეიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი სავიზო რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც ე.წ. "სამშობიარო ტურიზმს" შეეხება. ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციებით, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ორსული ქალების შემოსვლაზე.
შეერთებული შტატების საელჩოებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაევალათ დეტალურად შეისწავლო სავიზო განცხადებები და თუ დადასტურდება ეჭვი, რომ ესა თუ ის პირი აშშ-ში ბავშვის გასაჩენად გეგმავს ჩამოსვლას, მას ვიზის გაცემაზე უარს ეტყვიან.
"შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა, კონკრეტული მიზნით, გააჩინოს ბავშვი, რადგან მან ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად მიიღოს, დაუშვებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ორსულ ქალებს, რომელთაც აშშ-ში სპეციალური სამედიცინო მკურნალობა სჭირდება, დამატებითი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდებათ. კერძოდ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ აქვთ საკმარისი სახსრები აშშ-ში მკურნალობისა და ცხოვრებისთვის.
ახალი რეგულაცია B ტიპის ტურისტულ ვიზაზე გავრცელდება.
აშშ-ის მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით "სამშობიარო ტურიზმის" შედეგად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 33 ათასს აჭარბებს.
შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანამხად, აშშ-ში დაბადებული ბავშვი ავტომატურად ხდება ამერიკის მოქალაქე.