ხელვაჩაურში მიკროავტობუსის მძღოლი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს
23:59:45     16-01-2020
ხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის მამაკაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს.
განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა.
დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას მამაკაცი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ.
ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკურატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი.
ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო სრულწლოვანი არ იყო.
გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.