
„ენდიაის“ კვლევამ აჩვენა, რომ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება“ მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში“
13:40:57     16-01-2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს „ქართული ოცნების“ დასასრულის დიაგნოზს უწოდებს.
გოცირიძის თქმით, უკიდურესად დაბალია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის.
„ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის დიაგნოზი. ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას იმ წარუმატებელი და უსამართლო ქმედებებისათვის, რასაც ეს პარტია და ხელისუფლება შვიდი წლის განმავლობაში ჩადიოდა. ყველა მაჩვენებელი გაუარესდა, რისი გაუარებასაც შეიძლებოდა. უკიდურესად დაბალი არის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, ქვეყანა მიდის არასწორი გზით, ამას ამბობს ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი. დემოკრატიის ხარისხი გაუარესებულია. „ქართული ოცნების“ რეიტინგი მიექანება ფსკერისკენ. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ რეიტინგს. დღეს რომ არჩევნები იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება“ მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის ვერდიქტი და დასკვანა ამ კვლევისა. რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგებს, ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე არასასურველი და ნეგატიური პოლიტიკური ფიგურა დღეს საქართველოში“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.