ცოლზე ძალადობისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით, გორში მამაკაცი დააკავეს

  14:52:02     15-01-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ა.რ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობაში, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე - 1983 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ზე სისტემატურად ძალადობდა. ასევე, დადგინდა, რომ ა.რ.-მ მეუღლეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლისა და 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.