აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქს ვლადიმერ პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა
10:11:08     14-01-2020
მოლდოველ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ვლადიმირ პლახოტნიუკს აშშ-მა სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შემზღუდველი ზომების მიღება პლახოტნიუკის კორუფციულ საქმიანობას უკავშირდება.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო წერს, პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა მოლდოვაში კანონის უზენაესობას და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდელობას. მისივე ინფორმაციით, აშშ-ი მოლდოვას მხარს უჭერს კორუფციასთან ბრძოლაში.
ვაშინგტონის სანქციები შეეხოთ ასევე ვლადიმირ პლახოტნიუკის მეუღლეს, ოკსანა კილდესკუს და მათ ორ შვილს.
„ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუმპირებულმა ქმედებებმა შეარყია კანონის უზენაესობა და მკაცრად დააზარალა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მას საჯაროდ ვასახელებ. აშშ მოლდოვის გვერდით დგას კორუფციასთან ბრძოლაში“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიკრობლოგ „ტვიტერში“.
აშშ-ის მხრიდან მოლდოვის მოქალაქეზე ეს პერსონალური სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.
ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან გასული წლის 14 ივნისს მას შემდეგ გაიქცა, რაც მისმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განაცხადა. ამის შემდეგ პლახოტნიუკმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ივლისის ბოლოს კი – დეპუტატის მანდატი. 2019 წლის ოქტომბერში, მოლდოვის სამართალდამცველმა ორგანოებმა პლახოტნიუკის სამი მილიონი დოლარის ღირებულების ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. როგორც ცნობილია, მისი ბიზნესსაქმიანობა დაკავშირებულია ნავთობის, ფინანსურ და საბანკო სექტორთან, ასევე სასტუმროების ბიზნესსა და მედია და უძრავი ქონების ბიზნესთან.