კანადის პრემიერი: თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო
11:02:33     10-01-2020
"თვითმფრინავი ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, მათ აქვთ დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც კანადის 63 მოქალაქე იმყოფებოდა, ირანული რაკეტით შემთხვევით ჩამოაგდეს.
"ჩვენ გადმოგვცეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ინციდენტთან დაკავშირებით. სხვადასხვა წყაროსგან ვფლობთ დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ თვითმფრინავი ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული", - განაცხადა ტრიუდომ. თუმცა, მისი თქმით, ეს გამიზნულად არ მომხდარა.
სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევს მიემგზავრებოდა, თეირანში, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 10 წუთში ჩამოვარდა. კატასტროფის ზუსტი მიზეზები ჯერ არ არის გამორკვეული, თუმცა ირანული მხარე იტყობინება, რომ ეს შესაძლოა ძრავის აალებას გამოეწვია.
თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.