პოლიცია 15 წლის ლუკა სირაძეს ე.წ. თანამზრახველების დასახელებასა და ფარულ თანამშრომლობას აიძულებდა - კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის სკანდალური განცხადება

  10:59:39     20-12-2019

ახალი დეტალები სისტემის მორიგი მსხვერპლის, 15 წლის ლუკა სირაძის საქმიდან. 

შსს-ს თბილისის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ცნობილი ხდება რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ე.წ. თანამზრახველების დასახელებასა და ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. 

კერძოდ: კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი გვიყვება რომ „როდესაც მოზარდი მარტო დარჩა, პოლიციელები მას დაემუქრნენ რომ თუ ფარულად არ ითანამშრომლებდა და ასევე სხვებს არ დაასახელებდა, ცხოვრებას გაუმწარებდნენ. მუქარის მიუხედავად, მოზარდმა ფარულ თანამშრომლობაზე უარი თქვა“. 

პოლიციის მაღალჩინოსნის აზრით, გამოძიება ეჭვობდა რომ 15 წლის მოზარდი მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავდა. 

კერძოდ: გამოძიება ეჭვობდა რომ ლუკა სირაძემ „მწვანე სკოლის“ შენობების კედლებზე წარწერები „სხვების“ დახმარებით ან თხოვნით გააკეთა.

„ამის გამო მასზე განხორციელდა ზეწოლა და გაჟღერდა მუქარაც რომ თუ პოლიციის მითითებებს არ შეასრულებდა, არა მხოლოდ მის ძმასა და დედას, არამედ, პირადად მასაც დიდი პრობლემები შეექმნებოდა“, - ამბობს თბილისის კრიმინალური პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი. 

თბილისის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ მოწოდებული სკანდალური ინფორმაციით, რომელიც შეიძლება ითქვას რომ მთლიანად აშიშვლებს რეჟიმს, გამოძიება ამ წუთებშიც კი მტკიცებულებების გაყალბებით არის დაკავებული და იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას არ ცდილობს, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს მარიანა ჩოლოიანსა და სისტემას.

შეგახსენებთ რომ ლუკა სირაძეზე პოლიციამ ზეწოლა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო განახორციელა. 

პოლიციელთა ზეწოლის გამო, 15 წლის მოზარდი 12 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადახტა და 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

15 წლის მოზარდის გარდაცვალებამდე, შს სამინისტრო ლუკა სირაძეზე განხორციელებულ ზეწოლას უარყოფდა და შს მინისტრის მოადგილე ცინიკურად აცხადებდა რომ „მასზე არანაირი ზეწოლა არ მომხდარა“.

თუმცა, მოზარდის გარდაცვალებისა და საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო, შსს იძულებული გახდა თავისივე ცინიკური პოზიცია შეეცვალა და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი სამმართველოს გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ჩვენების იძულების ბრალდებით დაეკავებინა, რომელსაც უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.

[I=2]ხოლო ვინაიდან ლუკა სირაძეზე განხორციელებული ზეწოლა პირველი შემთხვევა არ არის, დადასტურდა რომ საქმე გვაქვს არა ცალკეულ მოვლენასთან, არამედ, სისტემურ დანაშაულთან, რასაც მხოლოდ ერთი გამომძიებლის დაკავება ვერ უშველის. შესაცვლელია სისტემა. 

მაგალითად: პოლიციელთა ზეწოლას ემსხვერპლა დემურ სტურუაც, რომელსაც ასევე ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. 

პოლიციელების არაადამიანური მოპყრობისა და ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ მამუკა მიქაუტაძე და დავით მუმლაძეც. 

ხოლო 55 წლის ზვიად მთავრიშვილი პოლიციელებმა ცემით მოკლეს - კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში.

ყველა ეს ფაქტი ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში მოხდა, თუმცა, არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა. 

P.S: პოლიციის მსხვერპლს, 15 წლის მოზარდს ხვალ დაკრძალავენ. მას დიდუბის ხიდთან მდებარე ეკლესიიდან გამოასვენებენ. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 

ჩვენი ინფორმაციით, თბილისისა და რეგიონების სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლასა და ოჯახისათვის სამძიმრის გამოცხადებას გეგმავენ.