"სულ ორჯერ გავიხადე წელს ზევით, მერე შემრცხვა და უარი ვუთხარი" - რას ჰყვება არასრულწლოვანი გოგონა ჩვენებაში, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე?
18:27:52     09-12-2019
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ხუთი თვის განმავლიბაში, 22 პირია დაკავებული. მათგან 11, რამდენიმე დღის წინ დააკავეს სამართალდამცავებმა. დაკავებულთა უმრავლესობა მოზარდების მშობლები არიან.
„ასეა საჭირო. შენ რომ წარმატებული ფოტომოდელი გახდე, უნდა გაიხადო კიდეც. ფოტო გადავიღოთ, ოღონდ დედიკოს არ უთხრა. ეს იყოს ჩვენი პატარა საიდუმლო... სულ ორჯერ გავიხადე წელს ზევით, მერე შემრცხვა და უარი ვუთხარი“, - „ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე“ დაკავებული ქალის ადვოკატი, ნიკოლოზ წულეისკირი, რადიო თავისუფლებას უყვება ბრალდებულის შვილის, 12 წლის გოგოს ჩვენების შინაარსს. ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა შინაარსის ფოტოებს უღებდა მის შვილს აშშ-ის მოქალაქე, რასაც ბავშვის ჩვენებაც ადასტურებს.
პროკურატურის განცხადებით კი, მშობლებმა იცოდნენ ფოტოსესიის შინაარსის შესახებ და მათ ამაში ანაზღაურებაც აიღეს: „ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც იღებდნენ ფოტოებს. არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული. აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე, აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები".
არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, აგვისტოდან დღემდე, 22 პირია დაკავებული. მათგან ორი უცხო ქვეყნების, აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები არიან; ერთი დაკავებული პედაგოგია, დანარჩენები კი არასრულწლოვნების მშობლები არიან.
გამოძიება ყვება, რომ მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
გამოძიების თანახმადვე, მშობლები საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ. ფოტოებს კი გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდე მერყეობს, აშშ-ის მოქალაქე, 58 წლის მამაკაცი უღებდა. პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქეს რამდენიმე წლის წინ, საკუთარ ქვეყანაში აქვს მოხდილი სასჯელი ანალოგიური ბრალდებით.
არასრულწლოვნები, რომლებსაც ის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდა, შიდა ქართლის ორი მომიჯნავე სოფლიდან, ძირითადად ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. იმ სკოლის მოსწავლეები, სადაც აშშ-ის მოქალაქე პირველად 8 წლის წინ, პროგრამა „ასწავლე და ისწავლეს“ ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებლად ჩავიდა და ბავშვებს 9 თვის განმავლობაში ასწავლიდა. სწორედ ამ სკოლის პედაგოგია კიდევ ერთი დაკავებული ქალი.
გამოძიებამ დეკემბრის დასაწყისში დააკავა იმ სოფლის სკოლის პედაგოგი, სადაც ფოტოსესიებში მონაწილე მოზარდები სწავლობდნენ. რვა წლის წინ, სწორედ ამ პედაგოგთან ცხოვრობდა მდგმურად ბრალდებული აშშ-ის მოქალაქე.
ადვოკატის თქმით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ „პედაგოგმა აშშ-ის მოქალაქე გააცნო ერთ-ერთ მშობელს და ამით დაეხმარა მას“. გარდა ამისა, ბრალდებაში დევს პედაგოგისა და აშშ-ის მოქალაქის მიმოწერა სოციალურ ქსელში:
„2018 წლის ზაფხულში, სკოლაში გაიმართა გამოსაშვები საღამო და ამ საღამოზე მოწვეული იყო ბრალდებული ამერიკის მოქალაქეც, როგორც სკოლის ყოფილი მასწავლებელი და ფოტოგრაფი. ერთ-ერთი მოსწავლე მოეწონა ფოტოსესიებისთვის. მასწავლებელმა კი მას ბავშვის დედა გააცნო, რომელიც იქვე, გამოსაშვებ საღამოზე იმყოფებოდა. რაც შეეხება აშშ-ის მოქალაქისა და პედაგოგის მიმოწერას სოციალურ ქსელში, ისინი ლაპარაკობენ სხვადასხვა ყოფით საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, ამერიკის მოქალაქე პედაგოგს უგზავნის სწორედ იმ არასრულწლოვანი გოგოს ფოტოს, რომლითაც გამოსაშვებ საღამოზე დაინტერესდა. ფოტო გადაღებულია მინდორში, მოზარდს აცვია გრძელი კაბა. აშშ-ის მოქალაქე ეუბნება პედაგოგს, ნახეთ, რა კარგი ფოტო გამოვიდა. ეს იყო და ეს“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სერვის ცენტრის ინფორმაციით, „პორნოგრაფიის საქმეში“ 16 მოზარდი ფიგურირებს. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მათ მდგომარეობას სწავლობენ.
საქმეზე დაკავებულ 22-ივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. წინასასამართლო სხდომები 6 და 20 იანვარს გაიმართება.