
„არავითარი ძალადობა, უბრალოდ გვინდა ვაჩვენოთ, რისთვის იყენებენ სახელმწიფო აპარატს“
14:04:08     09-12-2019
„არავითარი ძალადობა, უბრალოდ გვინდა ვაჩვენოთ, რისთვის იყენებენ სახელმწიფო აპარატს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ იურისტთა ჯგუფების შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი ჯგუფები ამოიცნობენ ჩინოვნიკებს, რომლებიც აქციების მონაწილეებს უპირისპირდებიან.
„ამოიცნობენ ჩინოვნიკებს. ჩვენ გვეუბნებიან, აი თქვენი სამიათასიანი მსვლელობა იწვევს რიგითი მოქალაქეების რისხვას. ჩვენც ვაჩვენებთ, ესენი რიგითი მოქალაქეები არ არიან. ესენი არიან სახელმწიფო სამსახურში მყოფი ხალხი, ააიპ-ებსა და სსიპ-ებში მომუშავეები, უკიდურეს შემთხვევაში ის ხალხი, ვისი მთავარი ნათესავი, მამა, ბიძა, შვილი სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ტენდერებში არის ჩაბუდებული და ღრღნიან გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებულ ფულს უკვე 7 წელიწადია. არავითარი ძალადობა, უბრალოდ გვინდა ვაჩვენოთ, რისთვის იყენებენ სახელმწიფო აპარატს. ჯგუფები შეიქმნება იმ ხალხისგან, რომლებიც საკრებულოში გვყავს და რომელიც სახეზე იცნობენ, სახელით, გვარით. ქუთაისში ყველა ვიცნობთ ერთმანეთს, ყველა ვიღაცის ნათესავია ან კლასელია, იგივეა მცხეთაზე. მცხეთაში წიხლებს რომ ურტყავს მამის ხნის ადამიანი, მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას, სამი ბანდერლოგი, აი მაკაკა, ფეხებს რომ ურტყავენ იატაკზე დაგდებულ ადამიანს, რა ქართველობაა, რა ქალაქელობაა. იმის ამოცნობას რა უნდა, როდესაც კამერების წინ ხდებოდა. ვიცოდეთ, რომ ეს „პატივცემული“ გვამი მუშაობს დასუფთავების სამსახურში და თვითონ იმსახურებს დასუფთავებას იმ სამსახურიდან რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თბილისში ადვოკატების ნაწილმა იურიდიული დახმარების ჯგუფი შექმნეს. ჯგუფის წევრების თქმით, 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენენ, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ. იურისტთა ჯგუფი შეიქმნა ასევე აჭარაშიც.