
„ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილი მოვაშოროთ ქვეყნის ხელისუფლებას და ეს გავაკეთოთ არჩევნების გზით“
12:28:01     04-12-2019
„ოპოზიციისთვის ამ სიტუაციაში ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მისაღები არის მხოლოდ მშვიდობიანი გზით ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანაა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.
„ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილი მოვაშოროთ ქვეყნის ხელისუფლებას და ეს გავაკეთოთ არჩევნების გზით. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმული, სწორედ ამიტომ არის ეს საარჩევნო სისტემა შეთავაზებული. ივანიშვილმა იმდენად გაიდგა ფესვები ყველგან, მათ შორის თავისი ფულის გამო, დაშინების, მოსყიდვის, სხვა არალეგიტიმური ქმედების გამო, მისი დამარცხება და ხელისუფლებისგან მოშორება შეიძლება, იყოს დამხობის სინონიმის მქონე, გამომდინარე იქედან, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს მისთვის ეს პროცესი. ამიტომ ჩემთვის დამხობა, როგორც ამას სხვები ხმარობენ, არის არჩევნების გზით ხელისუფლების გადაგდება, ხელისუფლების შეცვლა, გასტუმრება ოპოზიციაში. არ გადაგვიხვევია და არც ვაპირებთ, გადავუხვიოთ. ეს გზა ნიშნავს, რომ მათ შორის გამოყენებული იქნება მშვიდობიანი პროტესტის ფორმები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.