კარლ ჰარცელი: სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებას, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით

  15:26:02     29-11-2019

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებას, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. ასევე მიგვაჩნია, რომ აზრის გამოხატვა უნდა იყოს კანონიერად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ხვალ ოპოზიციასთან შედგება დიალოგი.

„ევროკავშირს სურდა დიალოგის ხილვა, რადგან ვფიქრობთ, დროა მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ყველაფერი მიდის იმ მიმართულებით, რომ ხვალ დიალოგი შედგება. ჩვენ გვჯერა, არსებობს ამის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ორივე მხარის საქმეა, იმუშაოს მონახაზზე, ჩარჩოზე. როგორც  ვიცით, ხვალინდელი დღის წესრიგის მიხედვით, გერმანული მოდელი და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას, იქნება განხილული. ასევე, ველოდებით უფრო ფართო დისკუსიას არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება ჩართულობა. კარგია, რომ როგორც იქნა, ვმოძრაობთ პირდაპირი დიალოგის მიმართულებით. ჩვენ მოგვიწევს ქმედითი და ამავე დროს წარმომადგენლობითი ფორმატის მოძიება. სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებას, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. ასევე მიგვაჩნია, რომ აზრის გამოხატვა უნდა იყოს კანონიერი და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ეს რჩება ევროკავშირის პრინციპულ პოზიციად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.