„არც ერთი სერიოზული დაპირება არ მახსოვს ჩვენს 7 წლიან ისტორიაში არ შეგვესრულებინა“

  23:03:09     27-11-2019

„არც ერთი სერიოზული დაპირება არ მახსოვს ჩვენს 7 წლიან ისტორიაში არ შეგვესრულებინა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში გადაცემა „Swot ანალიზში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პირდები, უნდა გააკეთო.

„ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მე არცერთი პრინციპული არ მახსოვს ჩვენს შვიდწლიან ისტორიაში, როცა რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვესრულებინა. მე ზოგადად, ბუნებრივად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას ასჯერ და ათასჯერ ვზომავ ამას. თუ პირდები, უნდა გააკეთო“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების ვერშესრულების გამო დამწუხრებულია, ის აცხადებს, რომ „არაფერი დრამატული არ მომხდარა“.

„რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები ემოციურად. მე ვთქვათ მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად, ვიღაც კიდე სხვანაირად.

თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული ქვეყნები, არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი გეგმები. არაფერი დრამატული არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ. მითუმეტეს იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან ქუჩაში ისევ, ეს ქუჩის ოპოზიცია", - განაცხადა ივანიშვილმა.