"მემუქრება, ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ყალბი ფეისბუქ პროფილი შექმნა და ჩემი სახელით სხვა მამაკაცებს სწერს" - რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ყოფილი შეყვარებულის შანტაჟის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
12:35:33     27-11-2019
რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცმა, ყოფილი შეყვარებულის მონაცემებით ფეისბუქ ექაუნთი ბოროტად გამოყენების მიზნით შექმნა. მამაკაცი გოგონას სახელით ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და ასევე "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდებზე ანთავსებს ღირსების შემლახველ სტატუსებს, გოგონას მიმართულებით.
ახალგაზრდა გოგონა "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ თითქმის ყოველდღე იღებს მუქარის შემცველ ტექსტებს მამაკაცისგან. მისივე განცხადებით, მიმართა პოლიციას და საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
"ინფო რუსთავთან" გოგონა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი უკვე წელიწადზე მეტია რაც გრძელდება და მამაკაცი ფსიქოლოგიურად ავიწროებს, უქვეყნებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და მისი სახელით წერს სხვადასხვა მამაკაცს.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ "გამოძიება მიმდინარეობს შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, სსკ 381 პრიმა მუხლით".