ერნესტ ჰემინგუეის 110 წლის იუბილე („ძალიან მოკლე ამბავი“)
13:34:02     21-07-2011
დღეს, ერნესტ ჰემინგუეის დაბადების დღეა. 110 წლის წინ, 1899 წლის 21 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისის შტატში, ჩიკაგოს გარეუბანის პატარა დაბა ოუქ პარკში (Oak Park) დაიბადა დიდი ჰემინგუეი, საკაცობრიო მასშტაბისა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი, ჩემი აზრით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროზაიკოსი და ადამიანი.
ჩვენ პატარა პუბლიკაცია მივუძღვენით მისი გარდაცვალების 50 წლისთავს, ამა წლის 2 ივლისს. იქვე დავბეჭდეთ, ნანა ღამბაშიძის მიერ თარგმნილი, მისი შესანიშნავი მოთხრობა „ბერიკაცი ხიდთან“. და შევპირდით მკითხველს, რომ არ დავივიწყებდით დიდი მწერლის დაბადების დღესაც.
დღეს, ახალგაზრდობას ხშირად დრო არ აქვს წიგნის კითხვისა. ახალგაზრდები, თანამედროვეობის შესაბამისად, დიდი დროს ატარებენ კომპიუტერთან, ინტერნეტში. და არა მარტო ახალგაზრდები. ინტერნეტი არამარტო კომუნიკაციის საშუალებაა, ის ბიბლიოთეკის მაგივრობასაც ეწევა. დღეს, როდესაც ასე დაჩქარდა ტემპი ცხოვრებისა და როდესაც ასე ძვირია წიგნი, ინტერნეტში ლიტერატურული ნაწარმოებების განთავსებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ამგვარად ქართულ ინტერნეტ ბიბლიოთეკასაც ვქმნით. სამწუხაროდ, ქართულ ინტერნეტს დიდი პრობლება აქვს, უამრავი ქართული თუ ქართულად თარგმნილი ლიტერატურული ნაწარმოები არ არის შეტანილი ინტერნეტში. სხვა ერებმა ამ მხრივ ძალიან გაგვასწრეს, თუმცა მათ მილიონობით მომხრმარებელი და დაინტერესებული პირი ჰყავთ, ჩვენ, კი მცირერიცხოვანი ქართველები, იმდენს ვერ ვასწრებთ. თუმცა, მაინც უნდა ვცდილობდეთ მაქსიმალურად გავამდიდროთ ინტერნეტ ბიბლიოთეკა ქართულენოვანი და ქართულად თარგმნილი ლიტერატურით. სწორედ ამ მიზანსაც ემსახურება ჩვენს მიერ მწერლებისა თუ პოეტების ნაწარმოებთა გამოქვეყნება.
დღესაც, ერნესტ ჰემინგუეის დაბადების 110 წლისთავის აღსანიშნავად მკითხველს ვთავაზობთ მის მოთხრობას „ძალიან მოკლე ამბავი“, რომელიც ასევე ნანა ღამბაშიძის მიერ არის თარგმნილი, ვფიქრობ, საკმაოდ კარგადაც. ალბათ, კარგი იქნება ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობის წაკითხვით ვისიამოვნოთ და ასე გავიხსენოთ დიდი მწერალი.
ერნესტ ჰემინგუეისადმი სიყვარული მართლაც დიდი აქვს ქართველებს. მახსოვს, ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში მისი სურათი ჰქონდათ ხოლმე. ერთი მეც მაჩუქა მეგობარმა, რომელიც ახლაც მაქვს, ჩემს ზურგს უკან დევს წიგნების თაროზე და მართალი გითხრათ, მგონია რომ მამხნევებს, ვინაიდან ძალიან მიყვარდა სიყმაწვილეში (და მერეც) მისი ნაწარმოებების კითხვა. და იმ გარდაცვლილ ბევშვობის მეგობარსაც მაგონებს, რომელმაც მაჩუქა.
იმდენად გავრცელებული იყო ჰემინგუეის სურათი თბილისში, რომ ანეგდოტივით დადიოდა ერთი ამბავი: ვიღაცას მოატყუეს ეს ჩვენი მასპინძლის ბაბუა არისო, და როცა ჰემინგუეის სურათი სხვაგანაც ნახა, დაასკვნა თურმე მოტყუებულმა, ეს ოჯახი ჩვენი ნაცნობის ნათესავი ყოფილა, თანაც ახლობელი, რადგან მისი ბაბუის სურათი კედელზე უკიდიათო.
დღეს, ერნესტ ჰემინგუეის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი ბავშვობის სურათს ვაქვეყნებთ.
ძალიან მოკლე ამბავი
(თარგმანი ნანა ღამბაშიძისა)
ერთ შეხუთულ საღამოს, ის სახურავზე აიყვანეს. აქედან გაჰყურებდა ის პადუის მიღმა უსაზღვრო სივრცეს. ცაში დასრიალებდნენ მივარდნილ საკვამურებში მობინადრე ნამგალები. მალე დაღამდა და პროჟექტორები აინთნენ. სხვები ქვევით ჩავიდნენ და ბოთლებიც თან წაიღეს. მას და ლიუზის ესმოდათ მათი ხმაური ქვევით, აივანზე. ლიუზი საწოლზე ჩამოჯდა, ამ შეხუთულ ღამეში ლიუზი გრილი და საამო იყო.
უკვე სამი თვეა, რაც ლიუზი ღამღამობით მორიგეობს. ამის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონოდა. ის ლიუზიმ მოამზადა საოპერაციოდ, ყველანი ოხუნჯობდნენ, ოყნა რომ გაუკეთა. როცა აძინებდნენ, ის ცდილობდა თავი შეეკავებინა, რამე არ წამოეროშა, სულელური ლაქლაქი არ დაეწყო.
როგორც კი ყავარჯნებით სიარული დაიწყო, ის თვითონ უზომავდა დაჭრილებს სიცხეს და ლიუზის აღარ უხდებოდა დილით ადრე ადგომა. დაჭრილები ცოტანი იყვნენ და ყველამ იცოდა მათი ამბავი. ყველას უყვარდა ლიუზი, უკან რომ ბრუნდებოდა ხოლმე, ის გზად ფიქრობდა ლიუზიზე, მის საწოლში რომ იწვა.
ფრონტზე დაბრუნების წინ, ეკლესიაში წავიდნენ და ილოცეს. ეკლესიაში ნახევრად ბნელოდა, სიჩუმე იყო, სხვებიც იყვნენ მლოცველები. დაქორწინება უნდოდათ, მაგრამ დრო აღარა რჩებოდათ საეკლესიო წესების შესასრულებლად და თან არც ერთს დაბადების მოწმობა არა ჰქონდა. თვითონ კი სთვლიდნენ თავს ცოლ-ქმრად, მაგრამ უნდოდათ, რომ ყველას სცოდნოდა ეს ამბავი და უფრო მტკიცე ყოფილიყო მათი ურთიერთობა.
ლიუზიმ ბევრი წერილი გაუგზავნა, მაგრამ იმას დაზავებამდე არც ერთი არ მიუღია. მერე ერთბაშად მთელი დასტა მიუვიდა. თხუთმეტი წერილი იყო. თარიღების მიხედვით დაალაგა და თავიდან ბოლომდე ერთად წაიკითხა. ლიუზი ჰოსპიტლის ამბებს ატყობინებდა, სწერდა, როგორ უყვარდა ის, რომ აღარ შეეძლო უმისოდ ცხოვრება, რომ საშინელი იყო უმისოდ ღამე.
დაზავების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ის შინ დაბრუნდებოდა, რაიმე სამუშაოს იშოვიდა და მერე დაქორწინდებოდნენ. ლუიზი არ ჩავიდოდა მასთან, ვიდრე ის ხეირიან სამუშაოს არ იშოვნიდა. მერე კი ის თავად დახვდებოდა ნიუ-ორკში. რაღა თქმა უნდა, შინ დაბრუნებისას სმას არ უნდა გადაჰყოლოდა, არც ნაცნობ-მეგობრებს, არც არავის შტატებში არ ინახულებდა. სამსახური უნდა ეშოვნა როგორმე, რომ მალე დაქორწინებულიყვნენ.
პადუიდან მილანში რომ მიდიოდნენ, მატარებელში წალაპარაკდნენ, იმის გამო, რომ ლიუზის არ უნდოდა მაშინვე შინ წასულიყო. მილანის სადგურში გამომშვიდობებისას კი გადაკოცნეს ერთმანეთი, მაგრამ ორივეს წყენა ჩარჩა გულში. ნანობდა, რომ ასე დაშორდა ლიუზის.
გენუადან ამერიკაში გემით წავიდა. ლიუზი პორდონონეში ჩავიდა, იქ ახალი ჰოსპიტალი იხსნებოდა. გადაუღებლად, მოსაწყენად წვიმდა. ქალაქში არდიტის ათასეული იდგა. ამ ტალახიან, წვიმიან ქალაქში ზამთარი გაჭიანურდა, ათასეულის მაიორი ლიუზის გაუმიჯნურდა. მანამდე ლიუზი არც ერთ იტალიელს არ იცნობდა. ბოლოს შტატებში მისწერა, რომ მათი სიყვარული ბავშვური გატაცება იყო, სწუხს, ასე რომ მოხდა, თან დარწმუნებულია, ის ვერასდროს გაუგებს ლიუზის, თუმცა ოდესმე შეიძლება აპატიოს და მადლობაც კი უთხრას. სწერდა, რომ სრულიად მოულოდნელად გადაწყდა, რომ ლიუზი გაზაფხულზე გათხოვდება, ლიუზის კვლავინდებურად უყვარს ის, თუმცა ახლა მიხვდა, ეს ბავშვური გატაცება იყო. ლიუზის სჯერა, რმ მას დიდი მომავალი აქვს და სწამს მისი. კარგია, ასე რომ მოხდა.
მაიორმა არც გაზაფხულზე, და არც წელიწადის რომელიმე სხვა დროს ლიუზი ცოლად არ შეირთო. ლიუზიმ ჩიკაგოში გაგზავნილ წერილზეც არ მიიღო პასუხი.
მას კი ჩიკაგოში მალე სუსუნატი შეეყარა, უნივერსალური მაღაზიის, რკინეულის განყოფილების გამყიდველი გოგოსაგან, ლინკოლნპარკში ტაქსით რომ ასეირნებდა.