"საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დეპუტატებს, ასამბლეის ჩაშლის გამო"

  09:58:30     15-11-2019

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - ამის შესახებ ინფორმაცია "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა.

გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დეპუტატებს ასამბლეის ჩაშლის გამო. ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მათ უნდა წარუდგინოს ანგარიში, თუ რა ზომები მიიღეს ინციდენტის შემდეგ.

სერგეი გავრილოვმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე "დროულად რეაგირებს" და ახლა ელოდება "საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგან ეს საკითხი ეხება საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებისა და ზოგადად პარლამენტარების პატივისცემას."

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც მოქალაქეები ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. იმავე ღამეს, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, რომელიც ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. გამოყენებული იყო  ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. აქციის დარბევის შემდეგ მომიტინგეებმა სამი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებაც შევიდოდა. 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.