
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: ეძახონ ახლა მონები მაჟორიტარებს, აღმოჩნდა, რომ ასე არაა
14:42:00     14-11-2019
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირეს, მონები არ არიან, - ამის შესახებ მან პროექტის ჩაგდების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი ოპონენტები არ ვიცი რამდენად იყვნენ პროპორციული სისტემის გასვლისაკენ, როდესაც ჯერ აანონსებდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს. ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერებად. აღმოჩნდა, რომ ასე თურმე არაა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და ქვეყანაში 2020 არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.