შსს თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ბექა კვიციანის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

  10:58:58     14-11-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ბექა კვიციანი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა.

ინფორმაციისთვის, დაკავებული დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია.