ირანმა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო

  10:28:10     21-07-2011

ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ამერიკული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც ბირთვული ცენტრის, „ფორდუს“ თავზე მოძრაობდა. ცენტრი ქალაქ კუმის რაიონშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას, გაზეთი „ჰაარეცი“, ირანულ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეირანის მონაცემებით, უპილოტო თვითმფრინავმა ცენტრზე ინფორმაცია მოაგროვა და დაადგინა მის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების კოორდინატები. ზუსტად როდის მოხდა ინციდენტი, ტელევიზიას არ დაუზუსტებია.

ცნობილია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ბირთვული ცენტრის, კუმის არსებობის შესახებ მხოლოდ 2009 წელს განაცხადა. გამდიდრებული ურანის კომბინატი, სავარაუდოდ, ბუნკერების ქსელის ცენტრშია განთავსებული და საგულდაგულოდაა გადამალული, ერთ-ერთ ადგილობრივ მთაზე. ზოგიერთი მონაცემებით, სწორედ იქ, გარკვეული ახალი თაობის აპარატურის დამონტაჟების დროს, მოხდა ზემონახსენები შემთხვევა. ირანელების მიერ, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია, მიმდინარე წლის იანვარშიც გამოჩნდა, თუმცა, მაშინ პენტაგონმა ეს ცნობა არ დაადასტურა.